понедельник, 31 января 2011 г.

ბუშტი

ოაზისში ცხოვრობ, რომლის ირგვლივაც უზარმაზარი, ხრიოკი უდაბნოა. საპნის ბუშტში, რომლის ვარდისფერი გარსი ბევრი რამის დანახვაში გიშლის ხელს. თუნდაც იმის, რომ ბუშტის გარეთ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, უკვე მეოთხე თვეა (!)დევნილების საპროტესტო აქცია იმართება.

                                                              *              *           *

საცხოვრებელი ადგილებიდან ერთხელ გამოძევებულთ, 2008 წლის აგვისტოში პირობითი საზღვრისპირა სოფლების დატოვებაც მოუხდათ. მაშინ ხელისუფლებამ მათ თბილისში, თამარაშვილისა და მაჩაბელის ქუჩაზე გამოუყო ბინები, ორი წლის შემდეგ კი ისინი იმავე ბინებში "შეჭრილებად" გამოაცხადა და იქიდან გამოასახლა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კარვები 11 ოქტომბერს გაშალეს . ამ უწყებიდან არავინ შეხმიანებიათ. "რა გიჭირთ, არც ისე ცივი ზამთარია", "თუ მოგშივდებათ, ბალახი მოძოვეთ", "დიდხანს ეყრებით აქ?" : ამ ფრაზებით ურთიერთობდა მათთან მინისტრი, პატრიარქის სტიქაროსნობის გამო ლამის საკრალიზებული კობა სუბელიანი. მედია მხოლოდ 27 ოქტომბერს დაინტერესდა მათი აქციით, ისიც იმიტომ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა თავი დაიწვა (!) და ისიც ზერელედ. სახალხო დამცველს წერილი მისწერეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ადამიანებისგან მიტოვებულნი, როგორც ჩანს, ღმერთმაც მიივიწყა : სამინისტროში სტუმრად მისულმა მოძღვარმა დევნილ ქალბატონს დალოცვაზე უარი უთხრა. 

ახლაც სამინისტროსთან რჩებიან. ზოგიერთი მათგანი იმდენად იმედგატეხილია, რომ აღარც ითხოვს რამეს, უბრალოდ არსად შეუძლია წასვლა. წვიმის დროს კარვებში წყალი ჩასდით, სახელდახელოდ მოწყობილი ფანჩატურის გასათბობად კი შეშა არ ჰყოფნით. აკლიათ აუცილებელი მედიკამენტები, საკვები და უიმედოდ გაჰყურებენ Nissan Qashqai-დან პროდუქტებით სავსე პარკებით გადმოსულ ჩინოვნიკებს.

                                                    

ოაზისი მირაჟია. ერთ დღეს ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ უსამართლობის წინაშე და გვერდით ვერავინ დავინახოთ. ამიტომაც, შენმა თანამოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა, ვინც არც პოლიტიკური პარტიების წევრები ვართ და არც პირადი გამორჩენა გვამოძრავებს, გადავწყვიტეთ, დევნილებს დავეხმაროთ : შეშა, მედიკამენტები, საკვები მივუტანოთ, ბლოგებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით მათი საკითხის აქტუალიზებაზე ვიზრუნოთ.





воскресенье, 30 января 2011 г.

განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციას

ლეონ სუთიძის სტატიამ "სიყვარულის ტირანია" სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ავტორმა LGBT აქტივისტების, "განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის" წევრების მიერ "სიძულვილის ენის" აკრძალვის მოთხოვნა გაუთანაბრა საპატრიარქოს ინიაციატივას "მკრეხელობის" წინააღმდეგ კანონის მიღების შესახებ. ბატონი სუთიძის ვულგარული, ბუნდოვან ხილვებზე დამყარებული ტრიალიზმის [1] არაფერი მწამს, "გამოხატვის თავისუფლების" პრიმატსაც არ ვაღიარებ და ჩემი პიროვნული სიმპათიებიც ბატონი ვაჭარაძისა და მისი თანამოაზრეების მხარეს იხრება. თუმცა კითხვები, მათ მიმართ, მაინც მიჩნდება

                                                               *                  *                  *
პირველ რიგში, "სიძულვილის ენის" აკრძალვით ხომ არ გავაძლიერებთ იმას და იმათ, რისგანაც და ვისგანაც თავის დაცვას ამ ღონისძიებით ვცდილობთ? ხომ არ ვუმყარებთ საფუძველს ათასგვარ მახინჯ წარმოდგენასა და შეთქმულების თეორიას, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობებისადმი ირაციონალურ შიშს? ხომ არ ვუქმნით შოვინისტებს საქართველოში ასე კარგად გაყიდვად წამებულის იმიჯს, რომლის გამოყენებას ისინი რთულად რეგულირებადი მედიის საშუალებითაც შეძლებენ? რას ვიზამთ, თუკი "თავისი აზრებისთვის დევნილი", ვთქვათ,  ჰომოფობები სოციალური ქსელების გამოყენებას ისწავლიან და ბლოგებით, ანონიმურად იბრძოლებენ "დასავლური გარყვნილების" წინააღმდეგ?.

მეორეც,  იმავე ნაბიჯით, ხომ არ ვაძლევთ ხელისუფლებას მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელსაც ის (თავის მიერ კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით) უფრო "კულტურული უმრავლესობის" გულის მოსაგებად გამოიყენებს, ვიდრე ძლიერი ლობისა საზოგადოებრივი მხარდაჭერის არ მქონე უმცირესობების? რა გარანტია გვაქვს, რომ ახალგამოჩეკილი "დიმიტრი ლორთქიფანიძე" (ამჯერად ნაციონალური მოძრაობიდან) ერთ დღესაც არ გვეტყვის, რომ ჩვენ მიერ საპატრიარქოს ეთნონაციონალისტური პოზიციების გაკრიტიკება რელიგიურ შუღლს აღვივებს?

მესამეც,  ხომ არ ვქმნით კიდევ ერთ წინაღობას საჯარო სივრცეში უმცირესობების თემაზე მსჯელობის დაწყებისა თუ გაგრძელებისთვის? მესმის, რომ მე, ვინც "სიძულვილის ენის" მსხვერპლი არ ვარ. არ შეიძლება ბოლომდე მესმოდეს რას გრძნობენ ისინი, ვისაც   შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ თუნდაც "აუდიტორიაში" დისკუსია ხომ არ ღირს ერთი-ორჯერ წამოსროლილ "პიდარასტოდ"?


და რაც მთავარია, ჩვენი მიდგომა მხოლოდ მცირედით ხომ არ განსხვავდება ბატონი სუთიძის პოზიციისგან? თუკი ის ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას კი არა, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ჯგუფებისა თუ ინდივიდების ურთიერთობის "კანონის უზენაესობისთვის" დაქვემდებარებას გვთავაზობს,  ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთ ბარიერს ხომ არ ვაგებთ, რომლითაც, ისევ სხვადასხვა მხარეს ვაყენებთ უმცირესობებს (თავიანთი მხარდამჭერებითურთ) და დანარჩენ საზოგადოებას? ხომ არ აჯობებდა, რომ "განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის" ინიციატივები ისედაც მარგინალური ჯგუფების საზოგადოებიდან კიდევ უფრა გამიჯვნის კი არა, მათი ინტეგრაციისკენ იყოს მიმართული?

                                                              *               *                  *

ჩემი კითხვები არა იმდენად რიტორიკულია, რამდენადაც პასუხგაუცემელი. სიამოვნებით მოვისმენდი მათზე ადრესატების პასუხს.


___________________________________


1. აქ : პოლიტიკის თეორიიდან ფილოსოფიასა და თეოლოგიაში გადაბარგებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც დადებით, ლიბერალურ საწყისს, ორი ერთნაირი, უარყოფითი, მემარცხენე და მემარჯვენე საწყისი უპირისირდება .








четверг, 27 января 2011 г.

დაგვიანებული პასუხი პასუხს

"სადარბაზო და მეამბოხეები", ლევან აბაშიძის ჩანაწერთან ერთად, გიორგი ცხადაიამ რატომღაც თავის კრიტიკად აღიქვა, ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები "ხალხოსან მემარცხენეებად" მოგვნათლა და საპასუხო პუბლიკაციების მთელი წყება ([1], [2], [3][4])   გამოაქვეყნა თავის ბლოგზე. მადლობა უნდა გადავუხადო : ჩემი პოსტის ბმულის მითითება არ დავიწყებია და , შედეგად, მისი მნახველების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

დისკუსიაში დროულად ვერ ჩავერთე : გამოცდებს, მსუბუქ დეპრესიასა და საჯარო მოხსენებისთვის მზადებას ვუმკლავდებოდი. სამაგიეროდ, სხვა "ხალხოსნებს"  არ დაუყოვნებიათ  და, ცოტა ხანში, დებატები, ძირითადად პიროვნული მოტივების გამო, დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სანამ მოვიცლიდი, ქარიშხალი ჩაცხრა კიდეც. ლევანმა კიდევ ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნა,
რომელზეც ბატონმა ცხადიამ აღნიშნა, "თითქმის ყველაფერს ვეთანხმებიო"  და კიდევ ერთ პუბლიკაციაში, "ხალხოსნების" შეხედულებების თავის პოზიციებთან მსგავსებას გაუსვა ხაზი. მოკლედ, შევრიგდით. მე და გიორგი ხელახლა დავმეგობრდით პირწიგნაკზე ( ჩემი ინიციატივით) და ვცხოვრობდით ასე, დიდხანს, ბედნიერად, განხორციელებული კომუნიზმის საქართველოში.




ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გიორგი კიკონიშვილს ვეთანხმები : გარკვეულ ჯგუფთან ასოცირება მართლაც გიჩენს უამრავ პრობლემას . ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ამ ჯგუფის წევრების მოსაზრებებსა და ქმედებებზე პასუხისგება გიწევს, თუნდაც არ ეთანხმებოდე და მიუღებელნი იყვნენ შენთვის. რას ვიზამთ, იყოს ასე. ლევან აბაშიძეც, ნიკუშა მარქსიც  და თვით "ავადსახსენებელი" გელა ბანძელაძეც კი ბევრ საკითხში თანამოაზრეები, მეგობრები არიან და ამას მაშინაც კი არ უარვყოფ, ზოგიერთებმა სამჯერ რომ აბზიკონ ცხვირი.

არ უარვყოფ და, "ბევრ საკითხში თანამოაზრეების" არაკორექტული გამოხტომების გამო, დისკუსიის კულტურაზე ბევრი არაფერი მეთქმის.. მაგრამ, რაკი ამას აღვნიშნავ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი ცხადაიაც ძალიან ვულგარული ხერხების გამოყენებით კამათობდა. მთელი დისკუსიის მანძილზე მან ყველაფერი ისე გაიგო, როგორც თავად სურდა.

მე ვწერდი :
 "რა განზრახვაც არ უნდა ამოძრავებდეთ ახალგაზრდა კულტურის კრიტიკოსებს, მათი ნააზრევი, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მქონეთა ინტერესებს ხმარდება. გაუთავებელი  საუბარი ჩვენს გაუნათლებლობასა და უწიგნურობაზე, შეიძლება ვინმეს უბიძგებდეს კიდეც უკეთესი განათლების მიღებისკენ, მაგრამ უმთავრესად, მას "განათლებულთა" ვიწრო ჯგუფი იყენებს, "გაუნათლებლებისადმი" თავისი დამოკიდებულების, რეფორმების, დისკრიმინაციის, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის, ავტორიტარული მეთოდების გამოყენების, პროპაგანდის არსებობის გასამართლებლად."

მას კი არც უცდია ამ მოსაზრების მართებულობის შეფასება, ისე დააკვნა,  რომ მე ვთვლი


"საზოგადოების კრიტიკას თავი უნდა დავანებოთ და ძალაუფლების კრიტიკაზე  გადავიდეთ"

 ლევანი წერდა :


"გრამშის  რაც შეეეხება, 'კულტურული ჰეგემონიის" თეორიაში ელიტისტ ინტელექტუალებზეც წერს, რომლებიც რეჟიმს აძლიერებენ."

ბატონ ცხადაიას კი "ინტელექტუალიზმის" მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება" აშფოთებდა.

 შემდგომ ცნობილი სახელების კორიანტელი დაახვავა, მაოიზმი მარქსიზმისგან პრინციპულად განსხვავებულ იდეოლოგიად წარმოსახა, იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი ანტონიო გრამში კი,  ასევე კომუნისტებთან, სლავოი ჟიჟეკთან (ვინც, მაგალითისთვის, მულტიკულტურალიზმის მემარცხენე ლიბერალურ იდეას, "შენიღბულ ბარბაროსობას" უწოდებს) და ალან ბადიუსთან ერთად, როგორღაც, მემარცხენე ლიბერალიზმის სამსახურში ჩააყენა.

რაც მთავარია, არც "კონსერვატიულ საზოგადოებაში" კარგად აპრობირებული მეთოდის, მოწინააღმდეგის სტიგმატიზაციის გამოყენებასაც მორიდებია : პარალელები  გაავლო ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის.

ამ ყველაფერმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა მან საზეიმო აღთქმაც დადო : "ყოველთვის ვეცდები, რომ არ დავუშვა ვულგარული მარქსიზმის ან მემარცხენეობის განვითარება და კრიტიკულად "შევამოწმებ" ნებისმიერ ასეთ მცდელობას."

მიზეზი ქედმაღლობაა. ქედმაღლობა,  რომელსაც ჰაერივით სჭირდება "ქვევით მდგომთა" არსებობა. ბატონ ცხადაიას ძალიან სურს აღინიშნოს, რომ  ის სოციალურ მეცნიერებებს პატივს სცემს, მაგრამ ამას რომ რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს, გარშემო ისეთები უნდა იყვნენ, ვინც მათ სკეპტიკურად უყურებს. ვიღაცებს ჯონ სტიუარტ მილი არ უნდა ჰქონდეთ წაკითხული.  ვიღაცები "ხალხოსნები" უნდა იყვნენ, რომ თავად....

და ვინ გამოდის ამ ლოგიკით ბატონი ცხადაია? ელიტისტი?

არადა, ის სულაც არ იმსახურებს ასეთ შეფასებას. მისგან  ხელისუფლების გაბედული კრიტიკაც გვახსოვს და მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, ვართ თუ არა ათეისტები ბოროტი ადამიანები?  ძალიან კარგი მაგალითია ჯანსაღი სოციალური კრიტიკისა : საზოგადოების პრობლემების ხაზგასმა, მიმართული არა დაპირისპირების, არამედ კონსენსუსის, ურთიერთგაგებისადმი, ამ პრობლემების მოგვარების მცდელობა.

ამ პოსტზე, ბატონმა ცხადაიამ ნამდვილად მათგან  მიიღო ყველაზე მეტი კრიტიკა, ვისგანაც, ალბათ, არ ელოდა : ათეისტებისგან. მათ ნაწილს სტატიის ტონი არ მოეწონა, ბოდიშის მოხდის სტილშია დაწერილიო და ისიც აღნიშნეს, ლოგიკურად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ყველა მორწმუნე იდიოტიაო.

 კლასიკური ლიბერალიზმის გადმოსახედიდან, ტრაგიკული არაფერი ხდება : ათეისტებს სრული უფლება მორწმუნეები იდიოტები ეგონოთ, მორწმუნეებს, თავის მხრივ  ისინი - სატანისტები. ამ ორი ჯგუფის წევრების "მშვიდობიან თანაცხოვრებას"  კი სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუ საჭირო გახდა, რეპრესიული მანქანის გამოყენებითაც.

თუკი ამ მიდგომას რამე უნდა დავუმატოთ, უპირველეს ყოვლისა სოლიდარობა. თავისუფალ ადამიანთა  გადაწყვეტილება, დაინახონ სხვებში, თუნდაც ძლიერ განსხვავებულებში, არა მტრები, არამედ პარტნიორები.



ცხადია, სირაქლემას პოზაში ყოფნა, ერთმანეთის ნაკლოვანებზე თვალის დახუჭვა სოლიდარობამდე ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამას ვერც ისეთი "კულტურის კრიტიკა" იზამს, როგორსაც ირგვლივ ვაწყდებით (მოდით, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არა ბატონ ცხადაიასთან). არ მგონია შევცდე, თუ ვიტყვი, რომ ქართველი "კრიტიკოსების" უმეტესობა ზემოთ ხსენებული ათეისტებისავით იქცევა : საზოგადოების  ნაწილისთვის იდიოტების წოდებით კმაყოფილდება და მისგან დისტანცირებას არჩევს. არც ჩემი ის მოსაზრება მიმაჩნია საეჭვოდ,  რომელმაც მთელი ეს დავიდარაბა გამოიწვია. დიახ, ამ დისტანცირებულ, იქედნურ კრიტიკას ძალიან ადვილად აყენებენ თავის სამსახურში "ძლიერნი ამა ქვეყნისა".  როცა სკოლაში ავტორიტარულ მექანიზმებს ნერგავენ,  დირექტორებს ძალადობრივად ანთავისუფლებენ, პროტესტს შეურაცხყოფით პასუხობენ, ამას მოსწავლეების მრავალჯერ ნახსენები გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით ამართლებენ. როცა დევნილებს ფაშისტური მეთოდებით ასახლებენ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც აღნიშნავს, ქართველები ასეთი ზარმაცები რომ არ ვიყოთ,  მათ სულაც არ გაუძნელდებოდათ საცხოვრებლის დატოვება და ნაყოფიერ რეგიონში გადასახლებაო. როცა რეჟიმი თავისი ერთ-ერთი დასაყრდენის, პოლიციის პოპულარობის გაზრდას ამაზრზენი პროპაგანდით ცდილობს, გვიხსნიან, რომ ამის საჭიროება "საზოგადოების კრიმინალურმა მენტალობამ"  წარმოშვა.

ყველაზე ირონიული (თუმცა ლოგიკური) ის არის, რომ სოლიდარულობის ნაკლებობა "დისტანცირებულებსაც"  აზარალებს.  აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხელისუფლება პოზიციებს "ლიბერალური უმცირესობის"  "ბნელი უმრავლესობისგან" დასაცავად არ იმყარებს : თუ დასჭირდა, არც უმცირესობების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დარბევას ერიდება და არც კონტრკულტურისტი პოეტების (ვისაც  "დისტანცირებულობას" ვერაფრით დავაბრალებთ)  უსაფუძვლოდ დაპატიმრებას.

სხვათაშორის, "ბუშის ქუჩის ამბავი" და მასზე რეაქცია  სოციალურ ქსელებში, კიდევ ერთ საკითხს წამოწევს, რომელიც  ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ : სად არის დომინანტი და სად კონტრკულტურა?

ამ კითხვას მარტივად პასუხობენ ხოლმე, ისევ და ისევ ორთოდოქსული უმრავლესობისა  და ლიბერალური უმცირესობის გამოკვეთით. მაგრამ, ასეა კი?  მაშინ, როდესაც, ერთი ფეისბუქელის მოსწრებული ხუმრობისა არ იყოს, მომრავლებული ბლოგერების უმეტესობა ფეხის მოტეხვაშიც კი "რაღაც ლიბერალურს" ხედავს, როცა მემარჯვენე ლიბერალებს მძლავრი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები აქვთ მობილიზებული თავიანთ იდეების პოპულარიზაციისთვის, როცა "თავისუფლების ინსტიტუტი" (თავისთან ასოცირებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად) ფაქტობრივად ერთადერთი გავლენიანი think-tank-ია ქვეყანაში, ღია კარებს ხომ არ ვამტვრევთ, კონსერვატიული საზოგადოების ათასჯერ ხაზგასმულ მანკიერებებს ათასმეერთედ რომ ვაკრიტიკებთ?

ცხადია, აქ სუბიექტურობას ვერ გავექცევით : ჩემთვის ის კულტურაა დომინანტი, მჩაგვრელი რომელიც უფრო მზღუდავს, მეტ პრობლემას მიქმნის.  რატომ აღიქმება მისი კრიტიკა მაინცდამაინც რეაქციონერობად და არა, ვთქვათ,  ახალი კულტურისთვის საფუძვლის ჩაყრის მცდელობად, გაუგებარია.



სუბიექტურობას ვერც იმ საკითხთან დაკავშირებით ავირიდებთ, რომელიც ბატონი ცხადაიასა და "ხალხოსნების" დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა : ე.წ. იდენტობისა და სოციალური პოლიტიკის დაპირისპირება, მათ შორის პრიორიტეტულის არჩევა. მხარეები ამ საკითხზეც შეთანხმდნენ და დაასკვნენ, რომ ორივე მნიშვნელოვანი და მათგან რომელიმეს უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ. კი მაგრამ, როგორ არ უნდა მივანიჭოთ?

ქართველი მემარცხენეები, ისევე როგორც მათი მომავალი მხარდამჭერები, ადამიანები არიან, თავიანთი სქესით, აღმსარებლობით, სექსუალური ორიენტაციით, სოციალური სტატუსი, რომლებიც  განსაზღვრავენ მათ პრიორიტეტებს. რა  ღვთაებრივი მანქანებით უნდა ვაიძულოთ საშუალო კლასის წარმომადგენელი,  ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ჰომოსექსუალი, ჭიათურელი მუშების მძიმე სოციალური პირობები თავისი პრობლემისავით მნიშვნელოვნად მიიჩნიოს? პენსიონერმა მამაკაცმა, ვინც მედიკამენტების მაღალი ფასების გამო სრულფასოვან მკურნალობას ვერ იღებს,  რატომ უნდა ჩათვალოს, რომ ქალების ემანსიპაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავისი ჯანმრთელობა?

არ ჩათვლის და არც არის საჭირო რომ ჩათვალოს. თანამედროვე მემარცხენე მოძრაობა,  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებთან (კომუნისტებიდან ანარქისტებამდე) ერთად,   განსხვავებული სფეროების აქტივისტებსაც მოიცავს. ერთი სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის, ზოგს ბუნების დაცვა ადარდებს ყველაფერზე მეტად და ზოგს კიდევ ცხოველთა უფლებების. ამით მოძრაობის არაფერი აკლდება. პირიქით, მისი იდეოლოგების (კალინიკოსი, კლეინი) აზრით, სწორედ მრავალფეროვნება, ქმედებათა ფართო სპექტრი არის თანამედროვე ანტიკაპიტალიზმის მთავარი სიძლიერე.

მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთიანი პროცესის ნაწილად აღვიქვათ. მიაჩნიათ თუ არა ქართული LGBT ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს,  რომ მათ პრობლემები ურთიერთდაკავშირებული? რომ საზოგადოება ვერაფრით იქნება სოლიდარული პენსიონერების, უსახლკაროების, მუშა-მოსამსახურეებისადმი, თუკი ასევე არ განეწყო სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ და პირიქით?
ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, - არა. ამის გამოსწორება, ერთიანობის (და არა მსგავსების) მიღწევა, არის კიდეც ქართველი მემარცხენეების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე.

ამისკენ მიმავალ გზაზე, ცხადია ერთმანეთის გაკრიტიკებაც დაგვჭირდება, ხანდახან - მძაფრადაც. ოღონდ,  აჯობებს, თუკი ის უფრო კორექტული იქნება და ერთმანეთში "ბოლშევიკებისა" თუ "ელიტისტების" ძებნას არ დავიწყებთ. ჯანსაღი, ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული დისკუსია დაპირისპირებამდე კი არა, იდეურ წინსვლამდე მიგვიყვანს.

воскресенье, 16 января 2011 г.

სადარბაზო და მეამბოხეები

უკიდურესად ლიბერალურ სადარბაზოში ვცხოვრობ. ბინები მფლობელებს როცა ჩაბარდათ, ლიფტი დამონტაჟებული არ იყო. ის მაცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით დააყენეს. რადგანაც ზოგიერთი ბინის მფლობელი ჯერ კიდევ არ იყო გადმოსული, ლიფტს ჩამკეტი დაუყენდა, რის გასაღებსაც, მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, ვინც ათას დოლარს გადაუხდიდა ლიფტის ხარჯის გამღებ მეზობლებს. ერთ-ერთი იმათგან, ვინც გასაღები ვერ მიიღო, მეექვსე სართულზე მცხოვრები პენსიონერი ქალი აღმოჩნდა. ამ ოსტეოქონდროზით, დიაბეტით და რით აღარ დაავადებულ მარტოხელას ბინა კორპუსისთვის ადგილის გამონსათავისუფლებლად დანგრეული ქოხმახის სანაცვლოდ ერგო. მეზობლების შეკრებაზე მან გაჭირვება, ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავისთვის გამონაკლისის დაშვება, გასაღების უფასოდ მოცემა ითხოვა. უარი უთხრეს. ყველაზე საინტერესო ამის შემდგომ დაიწყო : რამდენიმე დღეში გაირკვა რომ ეს ქალი საშინელი ჭორიკანა და შემაწუხებელი ადამიანია. ერთ კვირაში, მის მდაბიოობას და გაუნათლებლობას გაუსვეს ხაზი. ერთი თვის თავზე კი პენსიონერის გარყვნილი და კრიმინალური წარსულის შტრიხები გამოიკვეთა.

მეზობლების  მორალურად განსჯას არ ვაპირებ : მათი საქციელი არსებული წესრიგის ლოგიკას სრულად შეესაბამება. ჩემთვის საინტერესო, როგორც აღვნიშნე, გადაწყვეტილების პოსტ-ფაქტუმ არგუმენტაციაა. ის, სჯერათ თუ არა მის ავტორებს იმის, რასაც ამ ქალზე  ჰყვებიან, ან იმის, რომ  ნაამბობი თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია. ვფიქრობ - დიახ. მათთვის, ვინც იერარქიის თავში დგას, ძალიან ადვილი მისაღებია იერარქიის არსებობის, სხვების მდაბალი მდგომარეობისთვის მშვიდად ცქერის ნებისმიერი გამართლება. ერთი კარგი ქართული ანდაზა მეგულება ამ თემაზე : ანდაზე მდიდარზე, ღარიბს რომ წვრილად უფშხვნის პურს და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო. საქმე იმაშიც არ არის, რამდენად ღირსეულები არიან პრივილეგირებულნი ან რამდენად ხშირად "აბრძანებენ" მეთორმეტე საუკუნის ხატებს სახლში (ამაში განსაკუთრებით არ არის). სოციალური სტატუსი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას სხვებისადმი. ორიოდ ალტრუისტი არისტოკრატის მაგალითი უფრო ადასტურებს ამას, ვიდრე უარყოფს.



წარმოაჩენენ რა მსახურებსა და მონებს გარყვნილ მხეცებად, პლანტატორები თვალს უხვევენ სხვებს და  იხშობენ სინდის ძახილს. - გერცენი, არისტოკრატი.


ცხადია, არც იერარქიული კიბის სათავეში თავში დგანან მხოლოდ ჩემი მეზობლები და არც მის ძირში - მხოლოდ ერთი პენსიონერი. სოციალური უსამართლობა  ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო იზრდება. იზრდება მისი გამართლების საშუალებებიც. უკვე  ჟურნალიც კი არსებობს სპეციალურად ამისთვის. , არც ამ ჟურნალის თანამშრომლების განსჯას ვაპირებ. სისულელე იქნება, ვინმეს მოვთხოვოთ აღიაროს, რომ თავისი ან თავისი დამქირავებლის წარმატება სხვებისთვის საზიანოა. უფრო მეტად რაც მაწუხებს, "სადღაც შუაში მყოფების", საზოგადოებისადმი კრიტიკულად განწყობილი, ალტერნატიული ახალგაზრდობის, გნებავთ, მეამბოხეების პოზიციაა.


"მეამბოხეობა", ჩემთვის, რთული თემაა. სრულად ვამართლებ ბლოგის სახელს : ყველაფრისადმი და ყველასადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მშობლებიდან თანაამოაზრეებამდე. ესეც არ იყოს, ქართული საზოგადოება ჯანსაღი რომ გეგონოს, თავად არ უნდა იყო ასეთი. უმრავლესობა იმისა, რასაც მის ნაკლოვანებებზე  წერენ ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში, სიმართლეა. მაგრამ...


პირველ რიგში, არაეგალიტარული, თანაგრძნობაზე არ დამყარებული ამბოხის არაფერი მწამს. ცინიზმით, თავის სხვებზე მაღლა დაყენებით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო, რამის შეცვლის გარდა. მეორეც, რა განზრახვაც არ უნდა ამოძრავებდეთ ახალგაზრდა კულტურის კრიტიკოსებს, მათი ნააზრევი, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მქონეთა ინტერესებს ხმარდება. გაუთავებელი  საუბარი ჩვენს გაუნათლებლობასა და უწიგნურობაზე, შეიძლება ვინმეს უბიძგებდეს კიდეც უკეთესი განათლების მიღებისკენ, მაგრამ უმთავრესად, მას "განათლებულთა" ვიწრო ჯგუფი იყენებს, "გაუნათლებლებისადმი" თავისი დამოკიდებულების, რეფორმების, დისკრიმინაციის, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის, ავტორიტარული მეთოდების გამოყენების, პროპაგანდის არსებობის გასამართლებლად.


ასე რომ, ძვირფასო თანატოლებო, სანამ მორიგ უაღრესად ცინიკურ პოსტს დაწერთ "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" ან ქართულ სუფრაზე, იქნებ დაფიქრდეთ, რატომ და რისთვის აკეთებთ ამას? იქნებ სხვა თემის, სხვა სამიზნის შერჩევა სჯობდეს? თუნდაც, სხვა ტონის? 



среда, 12 января 2011 г.

ფაშიზმ(ებ)ზე

              გაუმართავი პოსტია, ვაღიარებ. ყველაზე სუსტად გაბოლდებული ნაწილი მეჩვენება. აზრის უკეთესად ჩამოყალიბება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იყოს, როგორც არის. თუკი კითხვები გაჩნდა, მათ სიამოვნებით ვუპასუხებ და დისკუსიაშიც ჩავებმები, აქაც და ფეისბუკზეც.
__________________________
     ძირს კაპიტალიზმი, ის ფაშიზმს წარმოშობს! - ულრიკა   მეინჰოფი

ახლახანს  ინტერნეტით ერთი საინტერესო ვიდეო გავრცელდა : BBC-ს ინტერვიუ ჯოდი მაკინტაირთან.  მაკინტაირი სტუდენტია, ლონდონში გამართული აქციების მონაწილე, ვინც პოლიციამ ინვალიდის ეტლიდან (ვწუხვარ, უფრო კორექტული შესატყვისი ვერ მოვძებნე) გადმოაგდო და ქუჩაზე გადაათრია.  ყოვლად აღმაშფოთებელი ათწუთიანი ინტერვიუს განმავლობაში, ჟურნალისტი, ბენ ბრაუნი ხან იმის გარკვევას ცდილობდა, უქმნიდა თუ არა ცერებლალური დამბლით დაავადებული დემონსტრანტი საფრთხეს პოლიცია, ხან კი თავად მას ეკითხებოდა, თქვენ რა, რევოლუციონერად არ მიიჩნევთ თავს და „პირდაპირ მოქმედებას“ არ ემხრობითო.
ვიდეოზე საინტერესო,   მისთვის ჩემი პირწიგნაკელი მეგობრის მიერ დართული კომენტარი იყო : „აქციები, გადასახადის გაზრდა etc. სულ სხვა თემაა, მაგრამ bbc-ის ჟურნალისტი ნამდვილად საშინელებაა.“ გაგეცინათ? აი მე - გულიანად. ის თუ გაგამხიარულებდათ, მეგობარს რომ დაესკვნა, ბატონ ბრაუნს ბავშვობაში უნარშეზღუდულებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება ექნება და ამიტომ იყო თავისი რესპოდენტის მიმართ ასეთი მკაცრიო?
არადა, ეს გასაკვირი სულაც არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში,  გადაცემა „აუდიტორიაში“ ზვიად ძიძიგურისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის ჰომოფობური გამოხტომების ლიბერალური შეფასება ზუსტად ასეთი გახლდათ. აღმოჩნდა, რომ პირველი ლატენტური ჰომოსექსუალია, მეორე კი, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. უფრო შორს წასვლა ბლოგერმა კნუტიმ სცადა : „ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობიის ძირითად მიზეზებად შესაძლოა დავასახელოთ, საბჭოური მენტალიტეტის ნიშნები, რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალა ჩვენი საზოგადოებიდან და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რაც ასეთი ადამიანების უარყოფით არის გამოწვეული.“
რა შეიძლება აქედან დავასკვნათ? საქართველოში ჰომოფობია, ძირითადად, საბჭოთა გადმონაშთებისა  და საპატრიარქოს პოზიციის ხარჯზე არსებობს, სააშკაროზე კი, შიგადაშიგ, „საკუთარ მისწრაფებებთან კონფლიქტში მყოფი“ პიროვნებების დახმარებით გამოდის. ასეა? არა.
„ლატენტური“ ძიძიგური და „მსხვერპლი“ ლორთქიფანიძე, გნებავთ საპატრიარქოც, ისევე ასახავს გარკვეულ საზოგადოებრივ ტენდენციას, გარკვეული სოციალური ძალის არსებობას, როგორც „საშინელი“ მისტერ ბრაუნი - ბრიტანული ელიტის სურვილს, ჯოდი მაკინტაირისა და მისი მეგობრებისთვის უმაღლესი განათლების მიღება კიდევ უფრო რთული გახადოს. ეს ძალა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული ფაშიზმია.
                                                                  

მისი არსებობის დადასტურება, თავის დროზე,   კურიერის სიუჟეტმა (უფრო სწორად, ანინას ბლოგპოსტმა) სცადა : პარალელები გაავლო „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და ნაცისტური გერმანიის სიმბოლიკებს შორის. რომ მოგვენდომებინა, იმავეს დადასტურებად შეგვეძლო ჩაგვეთვალა ზემოხსენებულ გადაცემაში ბატონი ძიძიგურის მიერ გამოხატული „ბრმებისა და ყრუების“ ჭეშმარიტად ჰიტლერისეული ზიზღიც. თუმცა,  საქმე მხოლოდ დღემდე ყველაზე ტრაგიკულად ცნობილ ფაშიზმთან სიმბოლიკურ-სემანტიკურ მსგავსებაში არ არის.  მთავარი ისაა, რაც, ყველაზე კარგად, ისევ და ისევ საპატრიარქომ გამოხატა, როცა, ცნობილ განცხადებაში, თავისადმი დასმული შეკითხვების ავტორები საზოგადოების წევრებად არ მიიჩნია : ექსკლუზიურობა, მთლიანობიდან გარკვეული ჯგუფების გამორიცხვა, მათი მოკვეთით, სულაც განადგურებით (ასეთი მოთხოვნებიც იყო. ცხადია, არა საპატრიარქოს მხრიდან) საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისკენ სწრაფვა. ეს ერთ-ერთი მთავარი საერთო ნიშანია დროსა და სივრცეში გაბნეული, ხშირად ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული ფაშიზმებისა.

ქართულ ფაშიზმს ყველა სხვასთან თავისი წარმოშობის მიზეზიც აკავშირებს. ის, რის გამოც ექსკლუზიურობა ხდება საჭირო, რის გამოც ვიღაცები ზედმეტნი ხდებიან, არა იმიტომ რომ განსხვავებულნი არიან, პირიქით, განსხვავებულები ხდებიან იმიტომ რომ ზედმეტნი არიან, იმიტომ, რომ სამუშაო ადგილებს იკავებენ. ფაშიზმის მთელი ჯოჯოხეთური ლოგიკა სწორედ ამას ეფუძნება. რატომ უნდა იმუშაოს სხვამ და არა მე? ის ხომ ებრაელია? ჰომოსექსუალია? მუსლიმია? იეღოველია? ლიბერალია? ყრუა? კრიტერიუმი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. რას ვიზამთ, თავად ჩვენი ბუნებაა ასეთი. ყოველთვის გვჯერა, რომ ჩვენი მიღწევები ჩვენივე დამსახურებაა, მარცხები - სხვების, და ყოველთვის საპირისპიროს ვფიქრობთ სხვების წარმატება - წარუმატებლობაზე.
                                                     


საქართველოში არსებული წესრიგი არა მხოლოდ სასათბურე პირობებს ქმნის ფაშიზმისთვის, არამედ სარგებელსაც ნახულობს მისგან. კარგად აპრობირებული მეთოდია : ეკონომიკას ჩვენთვის სასარგებლო თარგზე ვაწყობთ, წარმატებული კომპანიების ნაწილს ვხურავთ, ნაწილს ჩვენთვის მისაღები კადრებით ვაკომპლექტებთ, ვანთავისუფლებთ „ღიპიან პოლიციელებს“ , ათი ათასობით სახელმწიფო მოხელეს (ვის ადგილებსაც, ცხადია, ისევ ჩვენთვის მისაღები ადამიანებით ვავსებთ), ამ ყველაფრის გამო წარმოშობილ ფაშიზმს კი პიროვნების თავისუფლების, „ევროპული ფასეულობებისა“ და სხვა მაღალი იდეალების სახელით ვუპირისპირდებით. ვიღებთ „ბნელ“, რეაქციონერულ ოპოზიციას, რომელიც მყარი გარანტია ჩვენი პროგრესული, განმანათლებლური იმიჯისა და ჩვენი ნებისმიერი ქმედების ერთგვარ ლეგიტიმაციასაც ახდენს. ჩვენ კარგები ვართ, რადგანაც ჩვენი ოპონენტები „ქართველობის დაბრუნებასა“ და „ზეციურ საქართველოზე“ გაჰყვირიან. პრივატიზაცია კარგია, რადგანაც მის მოწინააღმდეგეებს ბენდუძიძე იუდა ჰგონიათ. განათლების რეფორმა კარგია, რადგანაც მის წინააღმდეგ მხოლოდ „საბჭოურად მოაზროვნე“ კორუმპირებული ინტელიგენტები გამოდიან. პაიჭაძე კარგია, რადგანაც ის პატრიარქს და ლადო სადღობელაშვილს არ მოსწონთ.
სხვები, უბრალოდ, არ არსებობენ. წარმოუდგენელია, ვინმეს არსებული წესრიგი ისევე არ მოსწონდეს, როგორც ძველი. თუკი მაინც გამოჩნდა ვინმე ასეთი, უჯობს ისევ იმათთან, „ბნელებთან“ ბრძოლით დაკავდეს. ჩვენი წესრიგი ხომ არც არის წესრიგი, ის ძველთან თანაარსებობს, მის წინააღმდეგ იბრძვის,  ის რევოლუციაა! პრობლემაა ისაა, რომ მას ჯერ კიდევ არ გაუმარჯვია, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ „ძველები“,  ფეოდალური და საბჭოთა გადმონაშთები.

                                                    
 წესრიგი სასათბურე პირობებს მხოლოდ ერთი ფაშიზმისთვის არ ქმნის. იმათი ფაშიზმის გვერდით,  ვისაც სასურველი სამუშაო ადგილები ვერაფრით მოუპოვებია, იმათიც არსებობს, ვისაც ისინი აქვს და ყოველნაირად ცდილობს შეინარჩუნოს. რეზა ფაჰლავის ელიტის მიმართება ირანელებისადმი ისეთივე იყო, როგორიც ჰომეინისა - თავად ამ ელიტისადმი. თუკი გულაშვილს და კომპანიას „უმცირესობებისგან დაცლილი საქართველოს“ ხილვა სურდა, წესრიგის ადეპტებს თავიანთი, არანაკლებ ექსკლუზიური ნაციონალური პროექტი აქვთ, რომლიდანაც ავტომატურად ირიცხებიან  „ღიპიანებიც“, „წვერებიანებიც“ და ისინიც, ვინც მანქანაში ჩაჯდომისას ღვედს არ იკრავს. არსებითად, „წითელი ინტელიგენცია“,  „რუსეთუმეები“, „გურჯები“ იგივეა, რაც  „ლიბერასტები“, „მასონები“ და „იეღოველები“. ორივე გარკვეული ჯგუფის სტიგმატიზაციას ახდენს და, საბოლოო ჯამში, იმის დამტკიცების მცდელობაა, რომ ამ ჯგუფის წევრები სამუშაო ადგილებს არ იმსახურებენ.
უფსკრული კი, ამ ჯგუფებს შორის, მით უფრო ღრმავდება, რაც უფრო იმატებს ერთ მხარეს ხელფასები (იმავე მოცულობის პრემიებითურთ)  და მეორე მხარეს - შემოსავლის კლებით, გაუარესებული სოციალური პირობებით, უიმედობით გამოწვეული პანიკა. გამოსავალი არ ჩანს. მეტიც, არავის სურს მისი დანახვა, რადგან, როგორც ზევით ვთქვით, ვინმე უნივერსიტეტიდან გამოგდებული პროფესორი ისევე არასდროს დაიჯერებს თავისი წარუმატებლობა თავისივე ბრალი რომაა, როგორც ვინმე სუბსიდირებადი ახალგაზრდა ჟურნალისტი, თავისი წარმატება რომაა - კონიუნქტურის. მით უფრო, რომ კარგად ჩამოყალიბებული დოქტრინებს ორივესთვის აქვს გამზადებული თავიანთთვის მისაღები პასუხები : ის საბჭოური ნომენკლატურის წევრი იყო და დამსახურებისამებრ აქვს თავისი ადგილი მიჩენილი, ის კიდევ ჰომოსექსუალია და „თავისნაირებმა“ დააწინაურეს.
                                                         *               *               *    
„გულაშვილები“, „სადღობელაშვილები“, „მამაიობები“ („კირკიტაძეები“, „ორჯონიკიძეები“, „პაიჭაძები“) ჰიდრას თავები არიან,  ტანი კი ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური ვითარებაა. სხვათა შორის, ის ინტელექტუალებიც, ვისაც არ სურთ ან არ ძალუძთ ჩასწვდნენ მოვლენათა საფუძვლებსდა წესრიგის შედეგს მის სათავედ წარმოაჩენენ.

вторник, 11 января 2011 г.

Artes Neoliberalis

მოსასალმებელი პოსტის გარეშე დავიწყებ : მეც მეზარება რაიმე ორიგინალურ-სენტიმენტალურის შეთხზვა და თქვენც, ალბათ, დიდად არ გაინტერესებთ მისი წაკითხვა, მოკლედ, сразу к делу. :))

________________

მფარველობითი ბაჟების      მოსპობა სოციალიზმია!  იმიტომ რომ იგი ხელყოფს “ წესრიგის პარტიის” სამრეწველო ფრაქციის მონოპოლიას.  სახელმწიფო მეურნეობის მოწესრიგება სოციალიზმია!  იმიტომ რომ იგი თავს ესხმისწესრიგის პარტიის” ფინანსური ფრაქციის მონოპოლიას.  პურის და ხორცის თავისუფალი შემოზიდვა საზღვარგარეთიდან სოციალიზმია!  იმიტომ რომ იგი არღვევსწესრიგის პარტიის” მესამე ფრაქციის - მსხვილი მიწათმფლობელების  -  მონოპოლიას...   ვოლტერიანობა სოციალიზმია!  იმიტომ რომ იგი თავს ესხმისწესრიგის პარტიის” მეოთხე,  კათოლიკურ ფრაქციას;  პრესის თავისუფლება,  კავშირების თავისუფლება, საყოველთაო სახალხო განათლება სოციალიზმია,  სოციალიზმი! ეს ხომ იერიშის მიტანაა  ”წესრიგის პარტიის” საერთო მონოპოლიაზე!”  -  კარლ მარქსი,  "კლასთა ბრძოლა საფრანგეთში 1948-1850" წლებში”.

რაც უნდა გასაკვირი იყოს (შეიძლება სულაც არ იყოს), პირველ ბლოგპოსტში  ართველ ლიბერალებზე მსურს გესაუბროთ, მემარჯვენე ლიბერალებზე, ორიენტაციისთვის, მათზე,  ვინც ჟურნალტაბულასგარშემოა გაერთიანებული. საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ ათასგვარ რაციონალურ თუ ირაციონალურ ბრალდებასთან ერთად, ჩემთვის საინტერესო მოსაზრებასაც მოიცავს : ისინი სულაც არ არიან ლიბერალები. ლიბერალიზმი უბრალოდ შირმაა, რის უკანაც უბრალოდ ხელისუფლების აპოლოგეტები თუ მსოფლიო ხაზარ-მასონური შეთქმულების მონაწილენი იმალებიან. ერთი მხრივ, საუბრობენ მთელ რიგ აქტუალურ საკითხებზე ლიბერალების პოზიციების ლიბერალურ მსოფლმხედველობასთან შეუთავსებლობაზე. მეორე მხრივლიბერალების არათანმიმდევრულობაზე, ერთმანეთის მსგავს მოვლენებზე მათი რეაქციების განსხვავებულობაზე, წინააღმდეგობრიობაზე. თუმცა-ღა, წრეები, რომლებიც ამ მოსაზრებას ლობირებენ (ისევე როგორც ლიბერალებთან საჯაროდ დაპირისპირებულ ჯგუფთა უმეტესობა) კონსერვატორულადაც კი რთულად თუ იწოდებიან. არც მათი არგუმენტები გამოირჩევიან გონივრულობითა და ადეკვატურობით. ჩემებურად ვცდი.




                          
გემახსოვრებათ,  საფრანგეთში ისლამური თავშლების აკრძალვის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა საქართველომდეც მოაღწია. ამ თემას რამდენიმე სტატია მიეძღვნა სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემაში, სოციალურ ქსელებშიც მწვავე დისკუსია გაიმართა. მემარჯვენე ლიბერალებმა ამ გადაწყვეტილებით აღშფოთება გამოხატეს დასარკოზის სოციალისტური მთავრობის [1] (რას არ გაიგებ) მიერ პიროვნების თავისუფლების უხეშად შეზღუდვად მიიჩნიეს ის. აი მეორე გახმაურებელ ევროპულ გადაწყვეტილებას, ყოფილისოციალისტური ბანაკისრამდენიმე ქვეყანაში კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ, მათგან მსგავსი გამოხმაურება არ მოყოლია. სოციალურ ქსელებში დატაბულასსტატიაში დეკომუნიზაცი  ის პოზიტიურ გამოცდილებად, “ქმედითი რეგულაციებისადალუსტრაციის პროცესის თანმიმდევრულად გატარებისნაწილად გამოაცხადეს. აღმოჩნდა, რომსაფრანგეთის მთავრობის საქმე არ არის რა ეცმევათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს”, უნგრეთისასი კი არის. რომ ფრანგი მუსლიმანის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ესტონელი კომუნისტისარა.                                
ისიც გემახსოვრებათ, თუ რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი ჩვენში სეკულარული, ლაიცისტური საზოგადოების იდეის გარშემო. სიტყვასეკულარიზმიერთგვარ ლიბერალურ შიბოლეთად იქცა, ისინი კი, ვინც ამ იდეის გაკრიტიკებას გაბედავდა, კონსერვატორული, ფაშისტური თუ რადიკალური მემარცხენე პოზიციიდან, უმალვემმკ-ელებად”, “წვერებიანებად”, “ორთოდოქსებადირაცხებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ეპითეტები არ დაუმსახურებია ბენედიქტ XVI-, ვინც თავისი ცნობილი ვიზიტისას ბრიტანეთში იმის მტკიცებას მოჰყვა, რასაც ჩვენშიმართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდა მასთან ასოცირებული პიროვნებები ქადაგებენ : ისაუბრააგრესიულ სეკულარიზმსადა მის საფარველ ქვეშ მოქმედმებრძოლ ათეიზმზე”, ეკლესიისადმი ანტაგონისტურად, პროვოკატორულად განწყობილ მედიაზე და ქრისტიანული ფასეულობების მნიშვნელობაზე ევროპისთვის. “ტაბულელებმა”, “კონსერვატორი ლიბერალის”, ლევან რამიშვილის მეთაურობითსოლიდარობაც კი გამოუცხადესსოციალისტური ევროპისწინააღმდეგ აღმდგარ პაპს.
სხვათა შორის, განსახილველი ჯგუფიკონსერვატორ ლიბერალებზესაინტერესო ელემენტებსაც შეიცავს. ერთ-ერთი მათგანიმინარქისტიმიშა თავხელიძეა. “თავისუფალი ბაზრისა”  დამინიმალური სახელმწიფოსეს მომხრე  სოციალისტებს იმიტომ ვერ იტანს, რომ მათხალხი ზოგადად და (საკუთარი თავის გარდა!) ყოველი ადამიანი კერძოდ იდიოტები ჰგონიათ”, თავად კი იმდენად სჯერა ჩვენი, რომ დარწმუნებულია, ჩვენით , სახელმწიფოს ჩარევის გარეშე და ბაზრისუჩინარი ხელისდახმარებით, სოციალურ სამართლიანობაზე ზრუნვასაც მოვახერხებთ და პროდუქტების ხარისხის გაკონტროლებასაც, ნებისმიერ საკითხზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, გარდა ერთისა : ვერაფრით მივხვდებით, გვსურს თუ არა, საჭიროა თუ არა, არმიაში ვიმსახუროთ. ამიტომაც, ბატონი თავხელიძე აღფრთოვანებულია საყოველთაო, სავალდებულო რეზერვის შვეიცარიული სისტემით და მის საქართველოში დანერგვას გვთავაზობს. მეტიც, მილიტარიზმით იმდენადაა გატაცებული, “მინარქისტობაზეციღებს ხელს და ლიბერტარიანულუცოდინრობაზეც” : სტატიაში დავეწიოთ ისრაელს გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფოს ჩარევით განვითარებული სამხედრო ინდუსტრია ეკონომიკურ წარმატებას მოგვიტანს და ამ ინდუსტრიაში დასასაქმებელიპროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები... უნდა აღვზარდოთ, ამას სწავლება სჭირდება” (ნეტავ, წაიკითხა თუ არა ეს სტატია კახა ბენდუქიძემ, ვინც სტატიაში უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო საბჭოთა განათლების სისტემის მანკიერების მთავარ მიზეზადსამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსისნაწილად მისი გადაქცევა დასახა?).
თქვენ წარმოიდგინეთ-და, კიდევ უფრო საინტერესო ლიბერალებიც გვყავს. მაგალითად ისეთები, ჭეშმარიტი პატრიოტიზმის და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუშად ასეთიიდილიარომ მოჰყავთ ისევ და ისევ შვეიცარიელი ძროხის (!) ცხოვრებიდან : დილით დგება მწყობრში, მიდის საძოვარზე, ასევე მწკრივში, ბედნიერი ბრუნდება უკან და კმაყოფილი იძლევა გემრიელ რძეს. მორჩა, მეტი არაფერი ევალება. სახელმწიფოს მისგან მეტი არაფერი ესაჭიროება. (დათო კოვზირიძე, ძროხები)






რა ხდება? ორი რამ.
პირველი ისაა, რის გამოც ჩვენებურების მსგავს ლიბერალებს თავსართნეო”- დამატებით, ნეოლიბერალებად მოიხსენიებენ. და რამდენიც არ უნდა იწუწუნოს მარიო ვარგას ლიოსამ, ეს ტერმინი იმისთვის მოიგონეს, რომდაცინვის დამანგრეველ იარაღად ქცეულიყო”  დალიბერალიზმის თეორია სემანტიკურ უაზრობად ექციათო” [2], მას და მის თანამოაზრეებს (მათ შორის, ცხადია, ქართველებსაც) არც კლასიკურ ლიბერალ ადამ სმიტთან (ვინც თვლიდა რომმდიდრებმა წილი უნდა გაიღონ საზოგადოებრივი ხარჯებისათვის. არა უბრალოდ მათი შემოსავლების პროპორციული წილი, არამედ ამ თანაფარდობაზე მეტიც.” [3]) აკავშირებთ ბევრი  და არც .. “ლიბერალიზმის მესამე ფაზისწარმომადგენელ ლეონარდ ჰობჰაუზთან (ვისთვისაცსრული თავისუფლება სრულ თანასწორობას გულისხმობს[4] , “კეთილდღეობის სახელმწიფოსშემქმნელებზე, სოციალ-ლიბერალ ლოიდ ჯორჯსა თუ ბევერიჯზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ნეოლიბერალიზმი ორი მარგინალი (მათი ნაშრომების მიერ პოლიტიკური მნიშვნელობის შეძენამდე) მეცნიერის, ფრიდმანისა და ჰაიეკის მოძღვრებებზე აგებული იდეოლოგიაა, “სრული ეკონომიკური თავისუფლებისმიღწევის რევოლუციური მიზნებისა და ტრადიციული ინსტიტუტების კონსერვატორული პატივისცემის, “სახელმწიფოს მინიმიზაციისლამის ანარქისტული პროექტისა და მისივე საკრალური აღქმის, ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და არატრადიციული ქორწინების აკრძალვის მოთხოვნების პარადოქსული ნარევი. იდეოლოგია, “აზროვნების ყოვლისმომცველი და დახურული სისტემააჩვენი ნეოლიბერალებისვე საყვარელი კარლ პოპერის განმარტებით. ნებისმიერ საკითხზეც აქვს სათქმელი და თავისი ყველა წარუმატებლობის ახსნასაც ახერხებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნეოლიბერალურ რეფორმებს ეკონომიკური კრახი, უმუშევრობ, სიღარიბე, მაფიისა და ოლიგარქების გაძლიერება მოჰყვა? თურმე, პრივატიზაციასთან ერთად, კანონის უზენაესობის დამყარებაც ყოფილა საჭირო. 1997-98 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას კრიზისი დაატყდა თავს? ესაზიური კაპიტალიზმისბრალია. იმავე პერიოდში იგივე ბედი არგენტინასაც ეწია? გამოსავალი მხოლოდ ეკონომის კიდევ უფროლიბერალიზაციაშეიძლება იყოს. ”დერეგულირებულსაქართველოში ეკონომიკა რატომღაც ისევ სახელმწიფოსა და მის მიერვე რისვაივაგლახით (რაც მთავარია, “ინფრასტრუქტურის განვითარებაზედახარჯული ფულით) მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე ვითარდება, ინფლაციის მაღალი (დაუსაქმებლობის მაჩვენებლის გათვალისწინებითგანსაკუთრებით) დონე გვაქვს და მონოპოლია მონოპოლიაზე იქმნება? ცხადია, კიდევ უფრო მეტი დერეგულაციაა საჭირო. მას შემდეგ, რაც, მსოფლიოზე ნეოლიბერალური დოქტრინა გაბატონდა, სოციალურმა უთანასწორობამ, “მესამე მსოფლიოსვალმა, მოშიმშილეთა რაოდენობამ, ჩვილთა მოკვდავობამ მოიმატა? თვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, ნეოლიბერალების მთავარი არგუმენტი თავიანთი ანტიჰუმანური პოლიტიკის გასამართლებლად, კი დაეცა? “დიდი დეპრესიისშემდგომ ყველა მწვავე კრიზისი დადგა? ამაში დამნაშავე ჯერ კიდევ შემორჩენილი სავაჭრო შეზღუდვები და რეგულაციები, უუნარო ინსტიტუციები, პოპულისტი პოლიტიკოსები, ზოგიერთი ქვეყნის კულტურული თავისებურები ან სულაც ადამიანის ბუნებაა, ყველაფერი, “თავისუფალი ბაზრისფუნდამენტალიზმის გარდა.
ის არც შეიძლება რამეში დამნაშავე იყოს. აბსოლუტური სისტემაა, ლამის ღვთაებრივი წესრიგის საწინდარი და ამიერიდან მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ წესრიგის განმტკიცებისკენ უნდა იყოს მიმართული, მისი ეჭვქვეშ დაყენება კი უმძიმეს დანაშაულად უნდა მივიჩნიოთ. დანაშაულად, რომლის აღკვეთაზეც, ხანდახან, პინოჩეტის მსგავსმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ.
ეს ორთოდოქსალური, ყოვლისმომცველი, შეუმწყნარებელი იდეოლოგია ლენინიზმთან ბევრად ახლოს დგას, ვიდრე იმ პლურალისტურ სისტემასთან, რომელმაც თანამედროვე დასავლური ლიბერალ-დემოკრატიული სამყარო შექმნა.
 მეორე (პირველის მიზეზი) კი ის გახლავთ, რომ ნეოლიბერალიზმი, კლასიკური ლიბერალიზმისგან განსხვავებით, ეგალიტარული იდეებით შეპყრობილი ჰუმანისტების მოძღვრება არ არის. მთელ მსოფლიოში მის უკან საწარმოო, ფინანსური, პოლიტიკური ელიტები და მათ კმაყოფაზე მყოფი ინტელექტუალები დგანანის უკიდურესი უმცირესობა, რომლისთვისაც მას სიკეთე მოაქვს. ამიტომაც, ეკონომიკური თეორიებითა და მაღალი იდეალებით ვითომდა გამყარებულობის მიუხედავად, ნეოლიბერალების მოთხოვნები ამ უმცირესობის ინტერესების დაცვამდე დადის.
საქართველოს მაგალითზე :   ნეოლიბერალური ჯგუფის ნაწილი სამხედრო შესყიდვებს ლობირებს და ჯგუფს ძალიან ჰხიბლავს მილიტარისტული პერსპექტივა, თუნდაც პიროვნების თავისუფლების შეზღუდვისა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ხარჯზე განხორციელებული. დამქირავებელია და ჰუმანურ შრომით კანონმდებლობას, სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებს, რომლებიც დაქირავებულთან თანაბარ პირობებში ჩააყენებენ, მისი მოტყუების საშუალებას არ მისცემენ, ეკონომიკისთვის  საზიანოდ აცხადებს. კერძო უნივერსიტეტის მფლობელია და კონკურენტის, სახელმწიფო უმაღლესი განათლების არსებობა არ მოსწონს.                     
ყბადაღებულსახელმწიფო ფინანსირებასთანმათ დამოკიდებულებას კი, ყველაზე კარგად, ლექსო მაჭავარიანის მაგალითი გვიჩვენებს : გასული წლის ივლისში, სტატიაში „ვინ გადაცურავს ზღვას“ ის გვიმტკიცებდა, „რედიოჰედისმიმართ სიმპათიის მიუხედავად, არავითარი სურვილი არ მაქვს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტზე ტოტო კუტუნიოს ნაცვლად ტომ იორკი ვნახო, თუ ეს ღირსშესანიშნავი და ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერი მოვლენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდებადაარ ვთვლი მართებულად სახელმწიფოს მიერ კინოს, თეატრების, გალერეების და ტრაიბალური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების სუბსიდირებასო”, დეკემბერში კი არაფერი აღმოაჩნდა იმის საწინააღმდეგო, რომ იმავე საახალწლო კონცერტზე მისი კოლეგები და მეგობრები, “დერვიშებიგამოვიდნენ. მეტიც, რამდენჯერმე გვახარა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა.
ძველი ამბავია : როცა სახელმწიფო სხვებს ართმევს მათ სასარგებლოდ, სიკეთეა, როცა პირიქით - ბოროტება. ისინი კი, ვინც ასეთ მიდგომას არ იზიარებს და ეწინააღმდეგება, “სხვის ხარჯზე ცხოვრების მოყვარულნი”, “სოციალური პარაზიტებიან,  უფრო უარესი, სოციალისტები არიან.
სხვათა შორის, არცერთი კლასის ინტერესების საერთო ეროვნულად გამოცხადებაშიარის რაიმე ახალი. ვინ-ვინ და, სოციალისტებმა ეს კარგად იციან.


                                                                    * * *

და კიდევ ერთი : ნუ ენდობით ზურა ჯაფარიძეს, მიშა ლიბერტარიანელია (ნეოლიბერალია), თან ძალიან კარგი ლიბერტარიანელი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ზემოთ ნახსენები პინოჩეტი იყო. თვითონაც ამას ამბობს და ყველაზე ავტორიტეტული ნეოლიბერალური ორგანიზაციებიც (მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი) კვერს უკრავენ.


_______________________
1. ეს ფრაზა და რამდენიმე სხვა ცნობა ამოღებულია განსახილველი ჯგუფის წევრების  (ამ შემთხვევაში, ლეონ სუთიძის) მიერ სხვადასხვა დროს სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტიდან, რისი ზუსტი ელექტრონული მისამართით დამოწმება, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებელია. ავტორს იმედია აქვს მათი ავტორების კეთილსინდისიერებისა.