воскресенье, 30 января 2011 г.

განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციას

ლეონ სუთიძის სტატიამ "სიყვარულის ტირანია" სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ავტორმა LGBT აქტივისტების, "განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის" წევრების მიერ "სიძულვილის ენის" აკრძალვის მოთხოვნა გაუთანაბრა საპატრიარქოს ინიაციატივას "მკრეხელობის" წინააღმდეგ კანონის მიღების შესახებ. ბატონი სუთიძის ვულგარული, ბუნდოვან ხილვებზე დამყარებული ტრიალიზმის [1] არაფერი მწამს, "გამოხატვის თავისუფლების" პრიმატსაც არ ვაღიარებ და ჩემი პიროვნული სიმპათიებიც ბატონი ვაჭარაძისა და მისი თანამოაზრეების მხარეს იხრება. თუმცა კითხვები, მათ მიმართ, მაინც მიჩნდება

                                                               *                  *                  *
პირველ რიგში, "სიძულვილის ენის" აკრძალვით ხომ არ გავაძლიერებთ იმას და იმათ, რისგანაც და ვისგანაც თავის დაცვას ამ ღონისძიებით ვცდილობთ? ხომ არ ვუმყარებთ საფუძველს ათასგვარ მახინჯ წარმოდგენასა და შეთქმულების თეორიას, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობებისადმი ირაციონალურ შიშს? ხომ არ ვუქმნით შოვინისტებს საქართველოში ასე კარგად გაყიდვად წამებულის იმიჯს, რომლის გამოყენებას ისინი რთულად რეგულირებადი მედიის საშუალებითაც შეძლებენ? რას ვიზამთ, თუკი "თავისი აზრებისთვის დევნილი", ვთქვათ,  ჰომოფობები სოციალური ქსელების გამოყენებას ისწავლიან და ბლოგებით, ანონიმურად იბრძოლებენ "დასავლური გარყვნილების" წინააღმდეგ?.

მეორეც,  იმავე ნაბიჯით, ხომ არ ვაძლევთ ხელისუფლებას მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელსაც ის (თავის მიერ კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით) უფრო "კულტურული უმრავლესობის" გულის მოსაგებად გამოიყენებს, ვიდრე ძლიერი ლობისა საზოგადოებრივი მხარდაჭერის არ მქონე უმცირესობების? რა გარანტია გვაქვს, რომ ახალგამოჩეკილი "დიმიტრი ლორთქიფანიძე" (ამჯერად ნაციონალური მოძრაობიდან) ერთ დღესაც არ გვეტყვის, რომ ჩვენ მიერ საპატრიარქოს ეთნონაციონალისტური პოზიციების გაკრიტიკება რელიგიურ შუღლს აღვივებს?

მესამეც,  ხომ არ ვქმნით კიდევ ერთ წინაღობას საჯარო სივრცეში უმცირესობების თემაზე მსჯელობის დაწყებისა თუ გაგრძელებისთვის? მესმის, რომ მე, ვინც "სიძულვილის ენის" მსხვერპლი არ ვარ. არ შეიძლება ბოლომდე მესმოდეს რას გრძნობენ ისინი, ვისაც   შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ თუნდაც "აუდიტორიაში" დისკუსია ხომ არ ღირს ერთი-ორჯერ წამოსროლილ "პიდარასტოდ"?


და რაც მთავარია, ჩვენი მიდგომა მხოლოდ მცირედით ხომ არ განსხვავდება ბატონი სუთიძის პოზიციისგან? თუკი ის ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას კი არა, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ჯგუფებისა თუ ინდივიდების ურთიერთობის "კანონის უზენაესობისთვის" დაქვემდებარებას გვთავაზობს,  ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთ ბარიერს ხომ არ ვაგებთ, რომლითაც, ისევ სხვადასხვა მხარეს ვაყენებთ უმცირესობებს (თავიანთი მხარდამჭერებითურთ) და დანარჩენ საზოგადოებას? ხომ არ აჯობებდა, რომ "განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის" ინიციატივები ისედაც მარგინალური ჯგუფების საზოგადოებიდან კიდევ უფრა გამიჯვნის კი არა, მათი ინტეგრაციისკენ იყოს მიმართული?

                                                              *               *                  *

ჩემი კითხვები არა იმდენად რიტორიკულია, რამდენადაც პასუხგაუცემელი. სიამოვნებით მოვისმენდი მათზე ადრესატების პასუხს.


___________________________________


1. აქ : პოლიტიკის თეორიიდან ფილოსოფიასა და თეოლოგიაში გადაბარგებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც დადებით, ლიბერალურ საწყისს, ორი ერთნაირი, უარყოფითი, მემარცხენე და მემარჯვენე საწყისი უპირისირდება .








2 комментария:

  1. კითხვები ლეგიტიმური და მნიშვნელოვანია, გმადლობ თორნიკე. მე სავარაუდოდ იმისკენ ვიხრები, რომ სიძულვილის ენა აიკრძალოს საქართველოში. თუმცა მე არ წარმოვადგენ ასოციაციას და მისი სახელით ვერ გიპასუხებ; შენთან ერთად დაველოდები მათ შემდგომ არგუმენტაციას.

    ვფიქრობ, სანამ იმაზე დავიწყებდეთ ფიქრს, რა რისკ-ფაქტორებია გასათვალისწინებელი, მანამდე აუცილებლად გამოსაკლვევი და გასააზრებელია, რა ხდება დღეს საზოგადოებრივი დამოკიდებულებების თვალსაზრისით. თითქოს ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ შთაბეჭდილებები ყველას ნამდვილად განსხვავებული აქვს. ლგბტ და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრა ის საკითხია, სადაც ჯერ პრობლემატიზაცია არ მომხდარა რიგი საკითხების, - რა მოაქვს ამ ჩაგვრას, რა და რა სახის ჩაგვრის და დისკრიმინაციის ფორმები არსებობს, როგორ აისახება ეს კონკრეტული ადამიანების და მოქალაქეთა ჯგუფის ცხოვრებაზე და ა.შ. აქ არის ძაღლის თავი დამარხული - მე ვიცი, რომ ბევრი რამ არ ვიცით. საშუალო და მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენელი ლგბტ ინდივიდების პირად 'კმაყოფილებას' და კომფორტის ზონის გადმოსახედს ვერ დავჯერდები.

    ОтветитьУдалить
  2. ღმერთო დალოცე ამ ბლოგის ადმინი :))))))
    სუთიძის ფრაზა საბელაშვილის პოსტზე : "" მთავარია ერთ საკითხზე ვთანხმდებით - ნებისმიერი სიძულვილი, ვერბალური თუ არაველბარული წარმოადგენს ბოროტებას. მას უნდა ვებრძოლოთ ადამიანის უფლებების ფარგლებში, მთელი ძალით".
    თუ გონება არ მღალატობს სხვას არც არაფერს მოვითხოვთ ჰეით სფიჩის კრიმინალიზების მომხრეები

    ОтветитьУдалить