среда, 12 января 2011 г.

ფაშიზმ(ებ)ზე

              გაუმართავი პოსტია, ვაღიარებ. ყველაზე სუსტად გაბოლდებული ნაწილი მეჩვენება. აზრის უკეთესად ჩამოყალიბება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იყოს, როგორც არის. თუკი კითხვები გაჩნდა, მათ სიამოვნებით ვუპასუხებ და დისკუსიაშიც ჩავებმები, აქაც და ფეისბუკზეც.
__________________________
     ძირს კაპიტალიზმი, ის ფაშიზმს წარმოშობს! - ულრიკა   მეინჰოფი

ახლახანს  ინტერნეტით ერთი საინტერესო ვიდეო გავრცელდა : BBC-ს ინტერვიუ ჯოდი მაკინტაირთან.  მაკინტაირი სტუდენტია, ლონდონში გამართული აქციების მონაწილე, ვინც პოლიციამ ინვალიდის ეტლიდან (ვწუხვარ, უფრო კორექტული შესატყვისი ვერ მოვძებნე) გადმოაგდო და ქუჩაზე გადაათრია.  ყოვლად აღმაშფოთებელი ათწუთიანი ინტერვიუს განმავლობაში, ჟურნალისტი, ბენ ბრაუნი ხან იმის გარკვევას ცდილობდა, უქმნიდა თუ არა ცერებლალური დამბლით დაავადებული დემონსტრანტი საფრთხეს პოლიცია, ხან კი თავად მას ეკითხებოდა, თქვენ რა, რევოლუციონერად არ მიიჩნევთ თავს და „პირდაპირ მოქმედებას“ არ ემხრობითო.
ვიდეოზე საინტერესო,   მისთვის ჩემი პირწიგნაკელი მეგობრის მიერ დართული კომენტარი იყო : „აქციები, გადასახადის გაზრდა etc. სულ სხვა თემაა, მაგრამ bbc-ის ჟურნალისტი ნამდვილად საშინელებაა.“ გაგეცინათ? აი მე - გულიანად. ის თუ გაგამხიარულებდათ, მეგობარს რომ დაესკვნა, ბატონ ბრაუნს ბავშვობაში უნარშეზღუდულებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება ექნება და ამიტომ იყო თავისი რესპოდენტის მიმართ ასეთი მკაცრიო?
არადა, ეს გასაკვირი სულაც არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში,  გადაცემა „აუდიტორიაში“ ზვიად ძიძიგურისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის ჰომოფობური გამოხტომების ლიბერალური შეფასება ზუსტად ასეთი გახლდათ. აღმოჩნდა, რომ პირველი ლატენტური ჰომოსექსუალია, მეორე კი, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. უფრო შორს წასვლა ბლოგერმა კნუტიმ სცადა : „ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობიის ძირითად მიზეზებად შესაძლოა დავასახელოთ, საბჭოური მენტალიტეტის ნიშნები, რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალა ჩვენი საზოგადოებიდან და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რაც ასეთი ადამიანების უარყოფით არის გამოწვეული.“
რა შეიძლება აქედან დავასკვნათ? საქართველოში ჰომოფობია, ძირითადად, საბჭოთა გადმონაშთებისა  და საპატრიარქოს პოზიციის ხარჯზე არსებობს, სააშკაროზე კი, შიგადაშიგ, „საკუთარ მისწრაფებებთან კონფლიქტში მყოფი“ პიროვნებების დახმარებით გამოდის. ასეა? არა.
„ლატენტური“ ძიძიგური და „მსხვერპლი“ ლორთქიფანიძე, გნებავთ საპატრიარქოც, ისევე ასახავს გარკვეულ საზოგადოებრივ ტენდენციას, გარკვეული სოციალური ძალის არსებობას, როგორც „საშინელი“ მისტერ ბრაუნი - ბრიტანული ელიტის სურვილს, ჯოდი მაკინტაირისა და მისი მეგობრებისთვის უმაღლესი განათლების მიღება კიდევ უფრო რთული გახადოს. ეს ძალა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული ფაშიზმია.
                                                                  

მისი არსებობის დადასტურება, თავის დროზე,   კურიერის სიუჟეტმა (უფრო სწორად, ანინას ბლოგპოსტმა) სცადა : პარალელები გაავლო „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და ნაცისტური გერმანიის სიმბოლიკებს შორის. რომ მოგვენდომებინა, იმავეს დადასტურებად შეგვეძლო ჩაგვეთვალა ზემოხსენებულ გადაცემაში ბატონი ძიძიგურის მიერ გამოხატული „ბრმებისა და ყრუების“ ჭეშმარიტად ჰიტლერისეული ზიზღიც. თუმცა,  საქმე მხოლოდ დღემდე ყველაზე ტრაგიკულად ცნობილ ფაშიზმთან სიმბოლიკურ-სემანტიკურ მსგავსებაში არ არის.  მთავარი ისაა, რაც, ყველაზე კარგად, ისევ და ისევ საპატრიარქომ გამოხატა, როცა, ცნობილ განცხადებაში, თავისადმი დასმული შეკითხვების ავტორები საზოგადოების წევრებად არ მიიჩნია : ექსკლუზიურობა, მთლიანობიდან გარკვეული ჯგუფების გამორიცხვა, მათი მოკვეთით, სულაც განადგურებით (ასეთი მოთხოვნებიც იყო. ცხადია, არა საპატრიარქოს მხრიდან) საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისკენ სწრაფვა. ეს ერთ-ერთი მთავარი საერთო ნიშანია დროსა და სივრცეში გაბნეული, ხშირად ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული ფაშიზმებისა.

ქართულ ფაშიზმს ყველა სხვასთან თავისი წარმოშობის მიზეზიც აკავშირებს. ის, რის გამოც ექსკლუზიურობა ხდება საჭირო, რის გამოც ვიღაცები ზედმეტნი ხდებიან, არა იმიტომ რომ განსხვავებულნი არიან, პირიქით, განსხვავებულები ხდებიან იმიტომ რომ ზედმეტნი არიან, იმიტომ, რომ სამუშაო ადგილებს იკავებენ. ფაშიზმის მთელი ჯოჯოხეთური ლოგიკა სწორედ ამას ეფუძნება. რატომ უნდა იმუშაოს სხვამ და არა მე? ის ხომ ებრაელია? ჰომოსექსუალია? მუსლიმია? იეღოველია? ლიბერალია? ყრუა? კრიტერიუმი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. რას ვიზამთ, თავად ჩვენი ბუნებაა ასეთი. ყოველთვის გვჯერა, რომ ჩვენი მიღწევები ჩვენივე დამსახურებაა, მარცხები - სხვების, და ყოველთვის საპირისპიროს ვფიქრობთ სხვების წარმატება - წარუმატებლობაზე.
                                                     


საქართველოში არსებული წესრიგი არა მხოლოდ სასათბურე პირობებს ქმნის ფაშიზმისთვის, არამედ სარგებელსაც ნახულობს მისგან. კარგად აპრობირებული მეთოდია : ეკონომიკას ჩვენთვის სასარგებლო თარგზე ვაწყობთ, წარმატებული კომპანიების ნაწილს ვხურავთ, ნაწილს ჩვენთვის მისაღები კადრებით ვაკომპლექტებთ, ვანთავისუფლებთ „ღიპიან პოლიციელებს“ , ათი ათასობით სახელმწიფო მოხელეს (ვის ადგილებსაც, ცხადია, ისევ ჩვენთვის მისაღები ადამიანებით ვავსებთ), ამ ყველაფრის გამო წარმოშობილ ფაშიზმს კი პიროვნების თავისუფლების, „ევროპული ფასეულობებისა“ და სხვა მაღალი იდეალების სახელით ვუპირისპირდებით. ვიღებთ „ბნელ“, რეაქციონერულ ოპოზიციას, რომელიც მყარი გარანტია ჩვენი პროგრესული, განმანათლებლური იმიჯისა და ჩვენი ნებისმიერი ქმედების ერთგვარ ლეგიტიმაციასაც ახდენს. ჩვენ კარგები ვართ, რადგანაც ჩვენი ოპონენტები „ქართველობის დაბრუნებასა“ და „ზეციურ საქართველოზე“ გაჰყვირიან. პრივატიზაცია კარგია, რადგანაც მის მოწინააღმდეგეებს ბენდუძიძე იუდა ჰგონიათ. განათლების რეფორმა კარგია, რადგანაც მის წინააღმდეგ მხოლოდ „საბჭოურად მოაზროვნე“ კორუმპირებული ინტელიგენტები გამოდიან. პაიჭაძე კარგია, რადგანაც ის პატრიარქს და ლადო სადღობელაშვილს არ მოსწონთ.
სხვები, უბრალოდ, არ არსებობენ. წარმოუდგენელია, ვინმეს არსებული წესრიგი ისევე არ მოსწონდეს, როგორც ძველი. თუკი მაინც გამოჩნდა ვინმე ასეთი, უჯობს ისევ იმათთან, „ბნელებთან“ ბრძოლით დაკავდეს. ჩვენი წესრიგი ხომ არც არის წესრიგი, ის ძველთან თანაარსებობს, მის წინააღმდეგ იბრძვის,  ის რევოლუციაა! პრობლემაა ისაა, რომ მას ჯერ კიდევ არ გაუმარჯვია, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ „ძველები“,  ფეოდალური და საბჭოთა გადმონაშთები.

                                                    
 წესრიგი სასათბურე პირობებს მხოლოდ ერთი ფაშიზმისთვის არ ქმნის. იმათი ფაშიზმის გვერდით,  ვისაც სასურველი სამუშაო ადგილები ვერაფრით მოუპოვებია, იმათიც არსებობს, ვისაც ისინი აქვს და ყოველნაირად ცდილობს შეინარჩუნოს. რეზა ფაჰლავის ელიტის მიმართება ირანელებისადმი ისეთივე იყო, როგორიც ჰომეინისა - თავად ამ ელიტისადმი. თუკი გულაშვილს და კომპანიას „უმცირესობებისგან დაცლილი საქართველოს“ ხილვა სურდა, წესრიგის ადეპტებს თავიანთი, არანაკლებ ექსკლუზიური ნაციონალური პროექტი აქვთ, რომლიდანაც ავტომატურად ირიცხებიან  „ღიპიანებიც“, „წვერებიანებიც“ და ისინიც, ვინც მანქანაში ჩაჯდომისას ღვედს არ იკრავს. არსებითად, „წითელი ინტელიგენცია“,  „რუსეთუმეები“, „გურჯები“ იგივეა, რაც  „ლიბერასტები“, „მასონები“ და „იეღოველები“. ორივე გარკვეული ჯგუფის სტიგმატიზაციას ახდენს და, საბოლოო ჯამში, იმის დამტკიცების მცდელობაა, რომ ამ ჯგუფის წევრები სამუშაო ადგილებს არ იმსახურებენ.
უფსკრული კი, ამ ჯგუფებს შორის, მით უფრო ღრმავდება, რაც უფრო იმატებს ერთ მხარეს ხელფასები (იმავე მოცულობის პრემიებითურთ)  და მეორე მხარეს - შემოსავლის კლებით, გაუარესებული სოციალური პირობებით, უიმედობით გამოწვეული პანიკა. გამოსავალი არ ჩანს. მეტიც, არავის სურს მისი დანახვა, რადგან, როგორც ზევით ვთქვით, ვინმე უნივერსიტეტიდან გამოგდებული პროფესორი ისევე არასდროს დაიჯერებს თავისი წარუმატებლობა თავისივე ბრალი რომაა, როგორც ვინმე სუბსიდირებადი ახალგაზრდა ჟურნალისტი, თავისი წარმატება რომაა - კონიუნქტურის. მით უფრო, რომ კარგად ჩამოყალიბებული დოქტრინებს ორივესთვის აქვს გამზადებული თავიანთთვის მისაღები პასუხები : ის საბჭოური ნომენკლატურის წევრი იყო და დამსახურებისამებრ აქვს თავისი ადგილი მიჩენილი, ის კიდევ ჰომოსექსუალია და „თავისნაირებმა“ დააწინაურეს.
                                                         *               *               *    
„გულაშვილები“, „სადღობელაშვილები“, „მამაიობები“ („კირკიტაძეები“, „ორჯონიკიძეები“, „პაიჭაძები“) ჰიდრას თავები არიან,  ტანი კი ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური ვითარებაა. სხვათა შორის, ის ინტელექტუალებიც, ვისაც არ სურთ ან არ ძალუძთ ჩასწვდნენ მოვლენათა საფუძვლებსდა წესრიგის შედეგს მის სათავედ წარმოაჩენენ.

1 комментарий:

  1. არ ველოდი, თუ ჩემი ბლოგის ლინკს ასეთ თემატურ ბლოგზე წავაწყდებოდი. ენივეი, საინტერესოდ წერ, მაგრამ ღვთის გულისათვის, ეს ფონი შეცვალე.
    თვალებს მახევს :დ

    ОтветитьУдалить