понедельник, 31 января 2011 г.

ბუშტი

ოაზისში ცხოვრობ, რომლის ირგვლივაც უზარმაზარი, ხრიოკი უდაბნოა. საპნის ბუშტში, რომლის ვარდისფერი გარსი ბევრი რამის დანახვაში გიშლის ხელს. თუნდაც იმის, რომ ბუშტის გარეთ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, უკვე მეოთხე თვეა (!)დევნილების საპროტესტო აქცია იმართება.

                                                              *              *           *

საცხოვრებელი ადგილებიდან ერთხელ გამოძევებულთ, 2008 წლის აგვისტოში პირობითი საზღვრისპირა სოფლების დატოვებაც მოუხდათ. მაშინ ხელისუფლებამ მათ თბილისში, თამარაშვილისა და მაჩაბელის ქუჩაზე გამოუყო ბინები, ორი წლის შემდეგ კი ისინი იმავე ბინებში "შეჭრილებად" გამოაცხადა და იქიდან გამოასახლა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კარვები 11 ოქტომბერს გაშალეს . ამ უწყებიდან არავინ შეხმიანებიათ. "რა გიჭირთ, არც ისე ცივი ზამთარია", "თუ მოგშივდებათ, ბალახი მოძოვეთ", "დიდხანს ეყრებით აქ?" : ამ ფრაზებით ურთიერთობდა მათთან მინისტრი, პატრიარქის სტიქაროსნობის გამო ლამის საკრალიზებული კობა სუბელიანი. მედია მხოლოდ 27 ოქტომბერს დაინტერესდა მათი აქციით, ისიც იმიტომ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა თავი დაიწვა (!) და ისიც ზერელედ. სახალხო დამცველს წერილი მისწერეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ადამიანებისგან მიტოვებულნი, როგორც ჩანს, ღმერთმაც მიივიწყა : სამინისტროში სტუმრად მისულმა მოძღვარმა დევნილ ქალბატონს დალოცვაზე უარი უთხრა. 

ახლაც სამინისტროსთან რჩებიან. ზოგიერთი მათგანი იმდენად იმედგატეხილია, რომ აღარც ითხოვს რამეს, უბრალოდ არსად შეუძლია წასვლა. წვიმის დროს კარვებში წყალი ჩასდით, სახელდახელოდ მოწყობილი ფანჩატურის გასათბობად კი შეშა არ ჰყოფნით. აკლიათ აუცილებელი მედიკამენტები, საკვები და უიმედოდ გაჰყურებენ Nissan Qashqai-დან პროდუქტებით სავსე პარკებით გადმოსულ ჩინოვნიკებს.

                                                    

ოაზისი მირაჟია. ერთ დღეს ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ უსამართლობის წინაშე და გვერდით ვერავინ დავინახოთ. ამიტომაც, შენმა თანამოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა, ვინც არც პოლიტიკური პარტიების წევრები ვართ და არც პირადი გამორჩენა გვამოძრავებს, გადავწყვიტეთ, დევნილებს დავეხმაროთ : შეშა, მედიკამენტები, საკვები მივუტანოთ, ბლოგებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით მათი საკითხის აქტუალიზებაზე ვიზრუნოთ.





Комментариев нет:

Отправить комментарий