четверг, 27 января 2011 г.

დაგვიანებული პასუხი პასუხს

"სადარბაზო და მეამბოხეები", ლევან აბაშიძის ჩანაწერთან ერთად, გიორგი ცხადაიამ რატომღაც თავის კრიტიკად აღიქვა, ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები "ხალხოსან მემარცხენეებად" მოგვნათლა და საპასუხო პუბლიკაციების მთელი წყება ([1], [2], [3][4])   გამოაქვეყნა თავის ბლოგზე. მადლობა უნდა გადავუხადო : ჩემი პოსტის ბმულის მითითება არ დავიწყებია და , შედეგად, მისი მნახველების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

დისკუსიაში დროულად ვერ ჩავერთე : გამოცდებს, მსუბუქ დეპრესიასა და საჯარო მოხსენებისთვის მზადებას ვუმკლავდებოდი. სამაგიეროდ, სხვა "ხალხოსნებს"  არ დაუყოვნებიათ  და, ცოტა ხანში, დებატები, ძირითადად პიროვნული მოტივების გამო, დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სანამ მოვიცლიდი, ქარიშხალი ჩაცხრა კიდეც. ლევანმა კიდევ ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნა,
რომელზეც ბატონმა ცხადიამ აღნიშნა, "თითქმის ყველაფერს ვეთანხმებიო"  და კიდევ ერთ პუბლიკაციაში, "ხალხოსნების" შეხედულებების თავის პოზიციებთან მსგავსებას გაუსვა ხაზი. მოკლედ, შევრიგდით. მე და გიორგი ხელახლა დავმეგობრდით პირწიგნაკზე ( ჩემი ინიციატივით) და ვცხოვრობდით ასე, დიდხანს, ბედნიერად, განხორციელებული კომუნიზმის საქართველოში.




ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გიორგი კიკონიშვილს ვეთანხმები : გარკვეულ ჯგუფთან ასოცირება მართლაც გიჩენს უამრავ პრობლემას . ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ამ ჯგუფის წევრების მოსაზრებებსა და ქმედებებზე პასუხისგება გიწევს, თუნდაც არ ეთანხმებოდე და მიუღებელნი იყვნენ შენთვის. რას ვიზამთ, იყოს ასე. ლევან აბაშიძეც, ნიკუშა მარქსიც  და თვით "ავადსახსენებელი" გელა ბანძელაძეც კი ბევრ საკითხში თანამოაზრეები, მეგობრები არიან და ამას მაშინაც კი არ უარვყოფ, ზოგიერთებმა სამჯერ რომ აბზიკონ ცხვირი.

არ უარვყოფ და, "ბევრ საკითხში თანამოაზრეების" არაკორექტული გამოხტომების გამო, დისკუსიის კულტურაზე ბევრი არაფერი მეთქმის.. მაგრამ, რაკი ამას აღვნიშნავ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი ცხადაიაც ძალიან ვულგარული ხერხების გამოყენებით კამათობდა. მთელი დისკუსიის მანძილზე მან ყველაფერი ისე გაიგო, როგორც თავად სურდა.

მე ვწერდი :
 "რა განზრახვაც არ უნდა ამოძრავებდეთ ახალგაზრდა კულტურის კრიტიკოსებს, მათი ნააზრევი, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მქონეთა ინტერესებს ხმარდება. გაუთავებელი  საუბარი ჩვენს გაუნათლებლობასა და უწიგნურობაზე, შეიძლება ვინმეს უბიძგებდეს კიდეც უკეთესი განათლების მიღებისკენ, მაგრამ უმთავრესად, მას "განათლებულთა" ვიწრო ჯგუფი იყენებს, "გაუნათლებლებისადმი" თავისი დამოკიდებულების, რეფორმების, დისკრიმინაციის, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის, ავტორიტარული მეთოდების გამოყენების, პროპაგანდის არსებობის გასამართლებლად."

მას კი არც უცდია ამ მოსაზრების მართებულობის შეფასება, ისე დააკვნა,  რომ მე ვთვლი


"საზოგადოების კრიტიკას თავი უნდა დავანებოთ და ძალაუფლების კრიტიკაზე  გადავიდეთ"

 ლევანი წერდა :


"გრამშის  რაც შეეეხება, 'კულტურული ჰეგემონიის" თეორიაში ელიტისტ ინტელექტუალებზეც წერს, რომლებიც რეჟიმს აძლიერებენ."

ბატონ ცხადაიას კი "ინტელექტუალიზმის" მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება" აშფოთებდა.

 შემდგომ ცნობილი სახელების კორიანტელი დაახვავა, მაოიზმი მარქსიზმისგან პრინციპულად განსხვავებულ იდეოლოგიად წარმოსახა, იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი ანტონიო გრამში კი,  ასევე კომუნისტებთან, სლავოი ჟიჟეკთან (ვინც, მაგალითისთვის, მულტიკულტურალიზმის მემარცხენე ლიბერალურ იდეას, "შენიღბულ ბარბაროსობას" უწოდებს) და ალან ბადიუსთან ერთად, როგორღაც, მემარცხენე ლიბერალიზმის სამსახურში ჩააყენა.

რაც მთავარია, არც "კონსერვატიულ საზოგადოებაში" კარგად აპრობირებული მეთოდის, მოწინააღმდეგის სტიგმატიზაციის გამოყენებასაც მორიდებია : პარალელები  გაავლო ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის.

ამ ყველაფერმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა მან საზეიმო აღთქმაც დადო : "ყოველთვის ვეცდები, რომ არ დავუშვა ვულგარული მარქსიზმის ან მემარცხენეობის განვითარება და კრიტიკულად "შევამოწმებ" ნებისმიერ ასეთ მცდელობას."

მიზეზი ქედმაღლობაა. ქედმაღლობა,  რომელსაც ჰაერივით სჭირდება "ქვევით მდგომთა" არსებობა. ბატონ ცხადაიას ძალიან სურს აღინიშნოს, რომ  ის სოციალურ მეცნიერებებს პატივს სცემს, მაგრამ ამას რომ რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს, გარშემო ისეთები უნდა იყვნენ, ვინც მათ სკეპტიკურად უყურებს. ვიღაცებს ჯონ სტიუარტ მილი არ უნდა ჰქონდეთ წაკითხული.  ვიღაცები "ხალხოსნები" უნდა იყვნენ, რომ თავად....

და ვინ გამოდის ამ ლოგიკით ბატონი ცხადაია? ელიტისტი?

არადა, ის სულაც არ იმსახურებს ასეთ შეფასებას. მისგან  ხელისუფლების გაბედული კრიტიკაც გვახსოვს და მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, ვართ თუ არა ათეისტები ბოროტი ადამიანები?  ძალიან კარგი მაგალითია ჯანსაღი სოციალური კრიტიკისა : საზოგადოების პრობლემების ხაზგასმა, მიმართული არა დაპირისპირების, არამედ კონსენსუსის, ურთიერთგაგებისადმი, ამ პრობლემების მოგვარების მცდელობა.

ამ პოსტზე, ბატონმა ცხადაიამ ნამდვილად მათგან  მიიღო ყველაზე მეტი კრიტიკა, ვისგანაც, ალბათ, არ ელოდა : ათეისტებისგან. მათ ნაწილს სტატიის ტონი არ მოეწონა, ბოდიშის მოხდის სტილშია დაწერილიო და ისიც აღნიშნეს, ლოგიკურად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ყველა მორწმუნე იდიოტიაო.

 კლასიკური ლიბერალიზმის გადმოსახედიდან, ტრაგიკული არაფერი ხდება : ათეისტებს სრული უფლება მორწმუნეები იდიოტები ეგონოთ, მორწმუნეებს, თავის მხრივ  ისინი - სატანისტები. ამ ორი ჯგუფის წევრების "მშვიდობიან თანაცხოვრებას"  კი სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუ საჭირო გახდა, რეპრესიული მანქანის გამოყენებითაც.

თუკი ამ მიდგომას რამე უნდა დავუმატოთ, უპირველეს ყოვლისა სოლიდარობა. თავისუფალ ადამიანთა  გადაწყვეტილება, დაინახონ სხვებში, თუნდაც ძლიერ განსხვავებულებში, არა მტრები, არამედ პარტნიორები.



ცხადია, სირაქლემას პოზაში ყოფნა, ერთმანეთის ნაკლოვანებზე თვალის დახუჭვა სოლიდარობამდე ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამას ვერც ისეთი "კულტურის კრიტიკა" იზამს, როგორსაც ირგვლივ ვაწყდებით (მოდით, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არა ბატონ ცხადაიასთან). არ მგონია შევცდე, თუ ვიტყვი, რომ ქართველი "კრიტიკოსების" უმეტესობა ზემოთ ხსენებული ათეისტებისავით იქცევა : საზოგადოების  ნაწილისთვის იდიოტების წოდებით კმაყოფილდება და მისგან დისტანცირებას არჩევს. არც ჩემი ის მოსაზრება მიმაჩნია საეჭვოდ,  რომელმაც მთელი ეს დავიდარაბა გამოიწვია. დიახ, ამ დისტანცირებულ, იქედნურ კრიტიკას ძალიან ადვილად აყენებენ თავის სამსახურში "ძლიერნი ამა ქვეყნისა".  როცა სკოლაში ავტორიტარულ მექანიზმებს ნერგავენ,  დირექტორებს ძალადობრივად ანთავისუფლებენ, პროტესტს შეურაცხყოფით პასუხობენ, ამას მოსწავლეების მრავალჯერ ნახსენები გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით ამართლებენ. როცა დევნილებს ფაშისტური მეთოდებით ასახლებენ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც აღნიშნავს, ქართველები ასეთი ზარმაცები რომ არ ვიყოთ,  მათ სულაც არ გაუძნელდებოდათ საცხოვრებლის დატოვება და ნაყოფიერ რეგიონში გადასახლებაო. როცა რეჟიმი თავისი ერთ-ერთი დასაყრდენის, პოლიციის პოპულარობის გაზრდას ამაზრზენი პროპაგანდით ცდილობს, გვიხსნიან, რომ ამის საჭიროება "საზოგადოების კრიმინალურმა მენტალობამ"  წარმოშვა.

ყველაზე ირონიული (თუმცა ლოგიკური) ის არის, რომ სოლიდარულობის ნაკლებობა "დისტანცირებულებსაც"  აზარალებს.  აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხელისუფლება პოზიციებს "ლიბერალური უმცირესობის"  "ბნელი უმრავლესობისგან" დასაცავად არ იმყარებს : თუ დასჭირდა, არც უმცირესობების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დარბევას ერიდება და არც კონტრკულტურისტი პოეტების (ვისაც  "დისტანცირებულობას" ვერაფრით დავაბრალებთ)  უსაფუძვლოდ დაპატიმრებას.

სხვათაშორის, "ბუშის ქუჩის ამბავი" და მასზე რეაქცია  სოციალურ ქსელებში, კიდევ ერთ საკითხს წამოწევს, რომელიც  ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ : სად არის დომინანტი და სად კონტრკულტურა?

ამ კითხვას მარტივად პასუხობენ ხოლმე, ისევ და ისევ ორთოდოქსული უმრავლესობისა  და ლიბერალური უმცირესობის გამოკვეთით. მაგრამ, ასეა კი?  მაშინ, როდესაც, ერთი ფეისბუქელის მოსწრებული ხუმრობისა არ იყოს, მომრავლებული ბლოგერების უმეტესობა ფეხის მოტეხვაშიც კი "რაღაც ლიბერალურს" ხედავს, როცა მემარჯვენე ლიბერალებს მძლავრი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები აქვთ მობილიზებული თავიანთ იდეების პოპულარიზაციისთვის, როცა "თავისუფლების ინსტიტუტი" (თავისთან ასოცირებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად) ფაქტობრივად ერთადერთი გავლენიანი think-tank-ია ქვეყანაში, ღია კარებს ხომ არ ვამტვრევთ, კონსერვატიული საზოგადოების ათასჯერ ხაზგასმულ მანკიერებებს ათასმეერთედ რომ ვაკრიტიკებთ?

ცხადია, აქ სუბიექტურობას ვერ გავექცევით : ჩემთვის ის კულტურაა დომინანტი, მჩაგვრელი რომელიც უფრო მზღუდავს, მეტ პრობლემას მიქმნის.  რატომ აღიქმება მისი კრიტიკა მაინცდამაინც რეაქციონერობად და არა, ვთქვათ,  ახალი კულტურისთვის საფუძვლის ჩაყრის მცდელობად, გაუგებარია.



სუბიექტურობას ვერც იმ საკითხთან დაკავშირებით ავირიდებთ, რომელიც ბატონი ცხადაიასა და "ხალხოსნების" დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა : ე.წ. იდენტობისა და სოციალური პოლიტიკის დაპირისპირება, მათ შორის პრიორიტეტულის არჩევა. მხარეები ამ საკითხზეც შეთანხმდნენ და დაასკვნენ, რომ ორივე მნიშვნელოვანი და მათგან რომელიმეს უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ. კი მაგრამ, როგორ არ უნდა მივანიჭოთ?

ქართველი მემარცხენეები, ისევე როგორც მათი მომავალი მხარდამჭერები, ადამიანები არიან, თავიანთი სქესით, აღმსარებლობით, სექსუალური ორიენტაციით, სოციალური სტატუსი, რომლებიც  განსაზღვრავენ მათ პრიორიტეტებს. რა  ღვთაებრივი მანქანებით უნდა ვაიძულოთ საშუალო კლასის წარმომადგენელი,  ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ჰომოსექსუალი, ჭიათურელი მუშების მძიმე სოციალური პირობები თავისი პრობლემისავით მნიშვნელოვნად მიიჩნიოს? პენსიონერმა მამაკაცმა, ვინც მედიკამენტების მაღალი ფასების გამო სრულფასოვან მკურნალობას ვერ იღებს,  რატომ უნდა ჩათვალოს, რომ ქალების ემანსიპაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავისი ჯანმრთელობა?

არ ჩათვლის და არც არის საჭირო რომ ჩათვალოს. თანამედროვე მემარცხენე მოძრაობა,  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებთან (კომუნისტებიდან ანარქისტებამდე) ერთად,   განსხვავებული სფეროების აქტივისტებსაც მოიცავს. ერთი სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის, ზოგს ბუნების დაცვა ადარდებს ყველაფერზე მეტად და ზოგს კიდევ ცხოველთა უფლებების. ამით მოძრაობის არაფერი აკლდება. პირიქით, მისი იდეოლოგების (კალინიკოსი, კლეინი) აზრით, სწორედ მრავალფეროვნება, ქმედებათა ფართო სპექტრი არის თანამედროვე ანტიკაპიტალიზმის მთავარი სიძლიერე.

მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთიანი პროცესის ნაწილად აღვიქვათ. მიაჩნიათ თუ არა ქართული LGBT ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს,  რომ მათ პრობლემები ურთიერთდაკავშირებული? რომ საზოგადოება ვერაფრით იქნება სოლიდარული პენსიონერების, უსახლკაროების, მუშა-მოსამსახურეებისადმი, თუკი ასევე არ განეწყო სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ და პირიქით?
ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, - არა. ამის გამოსწორება, ერთიანობის (და არა მსგავსების) მიღწევა, არის კიდეც ქართველი მემარცხენეების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე.

ამისკენ მიმავალ გზაზე, ცხადია ერთმანეთის გაკრიტიკებაც დაგვჭირდება, ხანდახან - მძაფრადაც. ოღონდ,  აჯობებს, თუკი ის უფრო კორექტული იქნება და ერთმანეთში "ბოლშევიკებისა" თუ "ელიტისტების" ძებნას არ დავიწყებთ. ჯანსაღი, ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული დისკუსია დაპირისპირებამდე კი არა, იდეურ წინსვლამდე მიგვიყვანს.

3 комментария:

  1. იდეური წინსვლა რა პათეტიკური დასასრულია...

    ОтветитьУдалить
  2. კარგი პოსტია :)

    სიმართლე გითხრა გუშინ მეგონა რაღაც "სისულელე" უნდა დაგეწერა, ამიტომაც ცოტა ცინიკურ განწყობაზე ვიყავი, დღეს ვაღიარებ ვცდები :)

    საღოლ საკაიფოდ ჩამოაყალიბე ყველაფერი

    ОтветитьУдалить
  3. ხო, დასკვნა წაუპათეტიკურებს, ნაჩქარევად დავამთავრე წერა.

    ნიკუშ, მე სისულელეებს არ ვწერ. :))

    ОтветитьУдалить