воскресенье, 16 января 2011 г.

სადარბაზო და მეამბოხეები

უკიდურესად ლიბერალურ სადარბაზოში ვცხოვრობ. ბინები მფლობელებს როცა ჩაბარდათ, ლიფტი დამონტაჟებული არ იყო. ის მაცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით დააყენეს. რადგანაც ზოგიერთი ბინის მფლობელი ჯერ კიდევ არ იყო გადმოსული, ლიფტს ჩამკეტი დაუყენდა, რის გასაღებსაც, მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, ვინც ათას დოლარს გადაუხდიდა ლიფტის ხარჯის გამღებ მეზობლებს. ერთ-ერთი იმათგან, ვინც გასაღები ვერ მიიღო, მეექვსე სართულზე მცხოვრები პენსიონერი ქალი აღმოჩნდა. ამ ოსტეოქონდროზით, დიაბეტით და რით აღარ დაავადებულ მარტოხელას ბინა კორპუსისთვის ადგილის გამონსათავისუფლებლად დანგრეული ქოხმახის სანაცვლოდ ერგო. მეზობლების შეკრებაზე მან გაჭირვება, ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავისთვის გამონაკლისის დაშვება, გასაღების უფასოდ მოცემა ითხოვა. უარი უთხრეს. ყველაზე საინტერესო ამის შემდგომ დაიწყო : რამდენიმე დღეში გაირკვა რომ ეს ქალი საშინელი ჭორიკანა და შემაწუხებელი ადამიანია. ერთ კვირაში, მის მდაბიოობას და გაუნათლებლობას გაუსვეს ხაზი. ერთი თვის თავზე კი პენსიონერის გარყვნილი და კრიმინალური წარსულის შტრიხები გამოიკვეთა.

მეზობლების  მორალურად განსჯას არ ვაპირებ : მათი საქციელი არსებული წესრიგის ლოგიკას სრულად შეესაბამება. ჩემთვის საინტერესო, როგორც აღვნიშნე, გადაწყვეტილების პოსტ-ფაქტუმ არგუმენტაციაა. ის, სჯერათ თუ არა მის ავტორებს იმის, რასაც ამ ქალზე  ჰყვებიან, ან იმის, რომ  ნაამბობი თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია. ვფიქრობ - დიახ. მათთვის, ვინც იერარქიის თავში დგას, ძალიან ადვილი მისაღებია იერარქიის არსებობის, სხვების მდაბალი მდგომარეობისთვის მშვიდად ცქერის ნებისმიერი გამართლება. ერთი კარგი ქართული ანდაზა მეგულება ამ თემაზე : ანდაზე მდიდარზე, ღარიბს რომ წვრილად უფშხვნის პურს და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო. საქმე იმაშიც არ არის, რამდენად ღირსეულები არიან პრივილეგირებულნი ან რამდენად ხშირად "აბრძანებენ" მეთორმეტე საუკუნის ხატებს სახლში (ამაში განსაკუთრებით არ არის). სოციალური სტატუსი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას სხვებისადმი. ორიოდ ალტრუისტი არისტოკრატის მაგალითი უფრო ადასტურებს ამას, ვიდრე უარყოფს.



წარმოაჩენენ რა მსახურებსა და მონებს გარყვნილ მხეცებად, პლანტატორები თვალს უხვევენ სხვებს და  იხშობენ სინდის ძახილს. - გერცენი, არისტოკრატი.


ცხადია, არც იერარქიული კიბის სათავეში თავში დგანან მხოლოდ ჩემი მეზობლები და არც მის ძირში - მხოლოდ ერთი პენსიონერი. სოციალური უსამართლობა  ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო იზრდება. იზრდება მისი გამართლების საშუალებებიც. უკვე  ჟურნალიც კი არსებობს სპეციალურად ამისთვის. , არც ამ ჟურნალის თანამშრომლების განსჯას ვაპირებ. სისულელე იქნება, ვინმეს მოვთხოვოთ აღიაროს, რომ თავისი ან თავისი დამქირავებლის წარმატება სხვებისთვის საზიანოა. უფრო მეტად რაც მაწუხებს, "სადღაც შუაში მყოფების", საზოგადოებისადმი კრიტიკულად განწყობილი, ალტერნატიული ახალგაზრდობის, გნებავთ, მეამბოხეების პოზიციაა.


"მეამბოხეობა", ჩემთვის, რთული თემაა. სრულად ვამართლებ ბლოგის სახელს : ყველაფრისადმი და ყველასადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მშობლებიდან თანაამოაზრეებამდე. ესეც არ იყოს, ქართული საზოგადოება ჯანსაღი რომ გეგონოს, თავად არ უნდა იყო ასეთი. უმრავლესობა იმისა, რასაც მის ნაკლოვანებებზე  წერენ ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში, სიმართლეა. მაგრამ...


პირველ რიგში, არაეგალიტარული, თანაგრძნობაზე არ დამყარებული ამბოხის არაფერი მწამს. ცინიზმით, თავის სხვებზე მაღლა დაყენებით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო, რამის შეცვლის გარდა. მეორეც, რა განზრახვაც არ უნდა ამოძრავებდეთ ახალგაზრდა კულტურის კრიტიკოსებს, მათი ნააზრევი, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მქონეთა ინტერესებს ხმარდება. გაუთავებელი  საუბარი ჩვენს გაუნათლებლობასა და უწიგნურობაზე, შეიძლება ვინმეს უბიძგებდეს კიდეც უკეთესი განათლების მიღებისკენ, მაგრამ უმთავრესად, მას "განათლებულთა" ვიწრო ჯგუფი იყენებს, "გაუნათლებლებისადმი" თავისი დამოკიდებულების, რეფორმების, დისკრიმინაციის, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის, ავტორიტარული მეთოდების გამოყენების, პროპაგანდის არსებობის გასამართლებლად.


ასე რომ, ძვირფასო თანატოლებო, სანამ მორიგ უაღრესად ცინიკურ პოსტს დაწერთ "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" ან ქართულ სუფრაზე, იქნებ დაფიქრდეთ, რატომ და რისთვის აკეთებთ ამას? იქნებ სხვა თემის, სხვა სამიზნის შერჩევა სჯობდეს? თუნდაც, სხვა ტონის? 



1 комментарий:

  1. გამარჯობა თორნიკე, შენს პოსტებს გავეცანი, კარგი ბიჭი ჩანხარ, გულწრფელი და პატიოსანი.
    მამაშვილურად გეუბნები, კულტურის კრიტიკაზე ასეთი მძაფრი რეაქცია არ მგონია მთლად სწორი. თუ კულტურას ფართო გაგებით შევხედავთ, აქ უნდა ვიგულისხმოთ ყველაფერი, "რაც არ არის ბუნება", მეორეს მხრივ, კულტურის შედარებით ვიწრო გაგების პირობებში, როცა მასში მხოლოდ არტი იგულისხმება, კრიტიკა, ლპობაშეპარული პარადიგმების დეკონსტრუირების სურვილი ასევე მნიშვნელოვანია.
    ნებისმიერ ცვლილების სურვილს ახალი ესთეტიკური ენების წარმოების სურვილიც უნდა ახლდეს ჩემი რწმენით და პრაქტიკაც ასეთია პრინციპში.თუ ფიქრობ, რომ ესთეტიკური გამორიცხავს პოლიტიკურს, ეს შეცდომაა.
    მითუმეტეს, თუ კრიტიკა ეხება ისეთ სახელოვნებო მდარე-რეაქციონერულ მოვლენებს, ღონისძიებებს, რომელთაც ხელისუფლება აფინანსებს. რომელიმე ადგილობრივი კულტურული ნორმის(სუფრა, ქალიშვილობა...) კრიტიკის მიჩნევა მმართველი კლასისადმი კოჭის გაგორებად, შეცდომაა და არ ვისურვებდი შენნაირი სიმპათიური ახალგარზრდა კაცისგან
    ასეთ დამოკიდებულებას.პატივისცემით

    ОтветитьУдалить